ახალგორის ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი ქართულ გამგეობას სახლის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებს

ახალგორის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი თამარ მეარაყიშვილი რაიონის ქართულ გამგეობას სახლის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად თამარ მეარაყიშვილმა განუცხადა.

"მასწავლებლებმა მიამბეს, რომ მათ რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა წაუყენა პირობა, რომ ახალი წლიდან ან წეროვანში გადავლენ სამუშაოდ ან ახალგორში უხელფასოდ მოუწევთ მუშაობა. მეტიც, გადაწყვეტილია, რომ ახალგორის სახლი საერთოდ დახურონ და წეროვანში გახსნან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი", - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე თქმით, რაიონის ქართული გამგეობა ახალგაზრდობის სახლის მასწავლებლებს უკვე ორი წელია, ხელფასების შეწყვეტით ემუქრება და მათგან წეროვანში გადასვლას მოითხოვს.

"ბევრისგან განსხვავებით მე არ მინდა, რომ ჩემი სახლი და მიწა დავტოვო. ამასთან, ჩვენს სახლში 60 ბავშვი მეცადინეობს სხვადასხვა წრეზე. ჩვენს მუშაობას გასულ კვირაში თავად ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი გაეცნო და მან ნახა, რომ ამ 15 მასწავლებლის აქ საქმიანობა ახალგორელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.