ახალგორის გამგებელი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან დაკავშირებულ ბრალდებას უარყოფს

ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დახურვის მცდელობის შესახებ ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ზურაბ ფიცხელაურმა განუცხადა.
ფიცხელაურის ინფორმაციით, ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დახურვა ან მასწავლებლებისთვის ხელფასების შეწყვეტა არ იგეგმება.
"მსგავსი არაფერი იგეგმება, ასევე არ ვაპირებთ სახლის დაფინანსების ან მასწავლებლების ხელფასების შეწყვეტას. მათ შეუძლიათ, იქ გააგრძელონ მუშაობა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვართ, რომ თუნდაც, ერთმა ადამიანმა ახალგორის რაიონი დატოვოს და ვიდრე იქ ერთი ბავშვი მაინც დარჩება, ეს სახლიც იმუშავებს", - განაცხადა ფიცხელაურმა.
თუმცა, მისივე თქმით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგორელ ბავშვებს ასევე სჭირდებათ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, სადაც სხვადასხვა წრეზე მეცადინეობას შეძლებენ.
"იგეგმება, წეროვანშიც გაიხსნას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, აქვე იმუშავებს სახლის ხელმძღვანელობაც, ხოლო ახალგორის სახლი წეროვანის სახლს დაექვემდებარება", - განაცხადა ფიცხელაურმა.
გემგებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის თამარ მეარაყიშვილი საქმიანობის გამო.
"იგი თვეში ერთხელ მაინც უნდა მოდიოდეს და გვაცნობდეს სახლის მუშაობას, მაგრამ ამას არ აკეთებს. როგორც ჩანს, ცხინვალთან უფრო კარგად თანამშრომლობს და იქ ურჩევნია სიარული", - აცხადებს ახალგორის გამგებელი.
თავის მხრივ, გამგებლის უყურადღებობით თამარ მერაყიშვილიც უკმაყოფილოა.
"თუ ფიცხელაურს მართლაც აინტერესებს ჩვენი სახლის მუშაობა, შეუძლია, ახალგორში ჩამოსვლისას რუს ოფიცრებთან ქეიფის ნაცვლად მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს ესტუმროს და ბავშვებს გაესაუბროს", - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
მან დღეს "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ახალი წლიდან ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დახურვა იგეგმება, ხოლო სახლის მასწავლებლებს ზურაბ ფიცხელაურმა წეროვანში სამუშაოდ გადასვლა მოსთხოვა.

























