მედიაექსპერტები და ფსიქოლოგები საქართველოს პრეზიდენტს ლექსიკას უწუნებენ

მედიაექსპერტები და ფსიქოლოგები საქართველოს პრეზიდენტს ლექსიკას უწუნებენ

მედიაექსპერტები და ფსიქოლოგები საქართველოს პრეზიდენტს ლექსიკას უწუნებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მედიაექსპერტმა, ია ანთაძემ განუცხადა, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში გამონაკლისი არ შეუნიშნავს. მისი თქმით, მსგავსი ლექსიკა პრეზიდენტს ოპონენტებზე საუბრისას ახასიათებს.

"ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც მას პერიოდულად, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრისას ახასიათებს. ჩემთვის ემოციურად უფრო მძიმე იყო იმ ახალგაზრდების რეაქცია, რომლებიც მას უსმენდნენ სრულიად თანხმობითი გამომეტყველებით და ეღიმებოდათ მის ნათქვამებზე. ჩვენ, უფროსი თაობა, უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ამგვარი გამონათქვამების მიმართ, რათა ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებს", - განაცხადა ანთაძემ.

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის განცხადებით კი, პრეზიდენტის ლექსიკა უკვე აღარანაირ კრიტიკას აღარ ექვემდებარება.

"ექვსი საპრეზიდენტო წლის განმავლობაში სააკაშვილმა ვერ იპოვა ის ჯანსაღი და ოპტიმალური ენა, რომლითაც საზოგადოებას უნდა ესაუბროს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისეთი ლექსიკით საუბრობს პრეზიდენტი, როგორითაც ქუჩაშიც არ საუბრობენ. მაგრამ არის მეორე პრობლემაც, იგი არ საუბრობს ყოფილი პარტნომენკლატურის ენით. ცდილობს, რომ ძველი ენა დაანგრიოს, მაგრამ იყენებს ენას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია იმისა, რომლითაც უნდა საუბრობდეს პრეზიდენტი", - აღნიშნა ქორიძემ.

ფსიქოლოგები კი პრეზიდენტის გუშინდელ გამონათქვამებს შეურაცხმყოფელსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ. როგორც ფსიქოლოგმა ლელა გაფრინდაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტერმინოლოგიით ოპონენტების მოხსენიება დაუშვებელია.

"ბევრად დაბალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების გამოსვლები უფრო კორექტულია ვიდრე პრეზიდენტის – ეს პარადოქსი გვაქვს. არ შეიძლება პოლიტიკურ ოპონენტებს ეკამათო შეურაცხმყოფელი სიტყვებით. შეიძლება არ ეთანხმებოდე, გქონდეს შენი არგუმენტები, მაგრამ ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენო და ამით დაუშვა, რომ მოპაექრე დაამარცხე, უბრალოდ, არასერიოზულია", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტებთან შეხვედრისას ერთ-ერთი ოპონენტი ინგლისურის შესწავლასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრების გამო "თავგასიებულად" მოიხსენია, საქართველოს დემოკრატიულობის მაგალითად კი, "პახმელიაზე" გაღვიძებული კახა კუკავა დაასახელა.