დავით ბაქრაძე ოპოზიციას ხვალ პარლამენტში ელოდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოპოზიციას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციების დასაწყებად, პარლამენტში ხვალ, 15:00 საათზე ელოდება.
სპეციალური შეთავაზება ბაქრაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ უკვე მომწიფდა სიტუაცია კონსულტაციების დასაწყებად.
მისი თქმით, კონსულტაციები უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და გასაგები საზოგადოებისთვის და ამიტომ მისასლამებელია ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა.
ბაქრაძეს ჯერჯერობით უჭირს იმის თქმა, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს საარჩევნო კდოექსზე მუშაობას და მხოლოდ იმას ამბობს, რომ კოდექსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზად უნდა იყოს.
ამას გარდა, ბაქრაძე იმასაც ამბობს, რომ კონსულტაციები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს, თუმცა, კონსულტაციების პროცესში როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წინადადებები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.
პირველი შეხვედრა ხვალ პარლამენტში გაიმართება, მომდევნო შეხვედრების ადგილი კი სამუშაო ჯგუფის გადასაწყვეტი იქნება.

























