რუსთაველის თეატრში ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი "პოსტსაბჭოთა შპაგატი" გაიმართება

რუსთაველის თეატრში ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი "პოსტსაბჭოთა შპაგატი" გაიმართება

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი "პოსტსაბჭოთა შპაგატი" გაიმართება .

ანთოლოგია ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, პროფესორმა მანანა თანდაშვილმა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოსცა. ანთოლოგიის გერმანული პრეზენტაცია 9 ოქტომბერს, ფრანკფურტში, წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე ფორუმ–დიალოგის პროგრამის ფარგლებში შედგა და ქართულ–გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენად იქნა მიჩნეული.

"ანთოლოგია კონცეპტუალური ხასიათისაა – იგი საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო 30 წლის მოვლენების ლიტერატურულ დამუშავებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ უწოდეს 12 ნოემბერს რუსთაველის თეატრში დაგეგმილ ლიტერატურულ–მუსიკალურ პერფორმანსს ღონისძიების ავტორებმა "პოსტსაბჭოთა შპაგატი",-განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მანანა თანდაშვილმა.

ანთოლოგიაში შესულია ბასა ჯანიკაშვილის " "აბსურდისტანი"(ნაწყვეტი), დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" (ნაწყვეტი), ბესო ხვედელიძის "თაგვის გემო", აკა მორჩილაძის "ტერცო მონდო", ზაზა ბურჭულაძის "passive attack", ლაშა ბუღაძის "ლიტერატურული ექსპრესი" (ნაწყვეტი) და ზაზა ბურჭულაძის "ადიბასი".

ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თავად ავტორები: ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე, დათო ტურაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი და ბესო ხვედელიძე. ნაწყვეტებს ანთოლოგიიდან წაიკითხავს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე. ლიტერატურულ საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კახი ჯაგაშვილი მეგობრებთან ერთად.

პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომელიც 12 ნოემბერს, 20.00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.