ალასანია ბაქრაძეს "ეროვნული ფორუმის" დაკავებულ წევრზე ესაუბრა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე "ეროვნული ფორუმის" წევრის, პატიმრობაში მყოფი ზაზა ჩაკვეტაძის საკითხსაც შეეხო.
"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში შემავალი ყველა პარტიისთვის ეს არის მტკივნეული თემა; რა თქმა უნდა, ამ საკითხს შევეხეთ გუშინდელ შეხვედრაზე; ეს არის მწვავე საკითხი, რომელსაც ასევე განვიხილავთ მომავალში", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში.
Mმისივე თქმით, ჩაკვეტაძის საკითხი, ცალკე აღებული, ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მოლაპარაკებების დაწყების არანაირი წინაპირობა არ იქნება, მაგრამ ის აუცილებლად იქნება განხილული.
ზაზა ჩაკვეტაძის პატიმრობის გამო, "ეროვნული ფორუმი" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება. "ფორუმელები" საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში და გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად ჩაერთვებიან, ხოლო პარტიებს, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან, "ეროვნული ფორუმის" მანდატი ექნებათ.
"ეროვნული ფორუმის~ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე, ზაზა ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























