კახეთის რეგიონმა საერთაშორისო ოფროუდ ტურნირს უმასპინძლა

კახეთის რეგიონმა ორდღიან საერთაშორისო ოფროუდ ტურნირს, "GeoTrophy 2010"-ს უმასპინძლა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირი გასული ორი დღის განმავლობაში 2 ეტაპად, ხაშმი-პატარძეული-ჩაილური-კაკაბეთის მონაკვეთზე გაიმართა. მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ავსტრიის წარმომადგენელი 30-მდე ეკიპაჟი მონაწილეობდა.

"GeoTrophy 2010"-ში მონაწილე პროფესიონალ ავტოსპორტსმენებს ევალებოდათ უმოკლეს დროში, მინიმალური დარღვევებით გაევლოთ წინასწარ მიცემული მარშრუტი, რომელიც მათ ჯი-პი-ეს ნავიგატორებზე დატანილი კოორდინატების სახით ჰქონდათ მიცემული.

ამასთან, მათ უნდა გადაელახათ ბუნებრივად და ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობები რთულად მისადგომ ადგილებში. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ტურნირის პირველ და მეორე ეტაპებს შორის, მონაწილე ეკიპაჟებს საშუალება მიეცათ ღამე სპეციალურად მოწყობილ ბანაკში გაეთენებინათ და შეჯიბრის პირველ ეტაპზე დაზიანებული ავტომანქანები ადგილზე შეეკეთებინათ.

ტურნირი 2 ჩათვლით კატეგორიაში - TR 2 და TR 3 გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, TR 2 კატეგორიას დავით მამუკაშვილის, ხოლო TR 3 კატეგორიას - ირაკლი კორძახიას ეკიპაჟები ლიდერობენ. "GeoTrophy 2010"-ის საბოლოო შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ტურნირი, საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირ "ოფროუდ კლუბის" ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.