დიდ საკონცერტო დარბაზში "მზიურის" პირველი თაობის გალა კონცერტი მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ "მზიურის" პირველი თაობის გალა კონცერტი მიმდინარეობს .
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ის სიმღერები, რომელსაც ანსამბლის პირველი თაობა წლების განმავლობაში ასრულებდა. კონცერტის დაწყებამდე ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც "მზიურელების" მოგზაურობას ასახავს. ეს არის ცნობილი ფილმის კადრები, რომელმაც არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ სხვადასხვა ქვეყნების ეკრანები მოიარა.
დღევანდელი საღამო, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ორგანიზებით და ეგიდით იმართება და კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა ფონდს.
დღევანდელ საღამოზე მზიურელები ცოცხლად შეასრულებენ სიმღერებს და თავადვე დაუკრავენ ინსტრუმენტებზე. სპეციალურად ამ გალა კონცერტისთვის თბილისში ჩამოვიდა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი.
საღამოს ესწრებიან ქართული თეატრის, კინოს, ესტრადის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის წარმომადგენლები; ასევე, "მზიურის" ახალი თაობაც. დღევანდელ საღამოზე "მზიურის" ძველი და ახალი თაობა ყველასთვის ცნობილ სიმღერებს ერთმანეთის გვერდიგვერდ შეასრულებენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ანსამბლ "მზიურის" ვარსკვლავის გახსნა ფილარმონიის შენობის წინ.

























