საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციიდან საგანგებო ნოტა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციიდან, შვეიცარიის სექციის გავლით, საგანგებო ნოტა მიიღეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა.
საგანგებო ნოტის თანახმად, რუსეთი ითხოვს ქართული კონტრდაზვერვის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის 4 მოქალაქის ვინაობის და პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციას.
წყაროს ინფორმაციით, საქართველო, ასევე შვეიცარიის სექციის გავლით, რუსეთის მხარეს აღნიშნული პირების მონაცემებს უახლოეს დღეებში გადაუგზავნის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, ოთხწლიანი ოპერაციის შედეგად, 2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავა. მათგან 4 პირი – არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი, პეტრე დევრიშაძე და იური სკრილნიკოვი რუსეთის მოქალაქეა.

























