დავით ბაქრაძე ოპოზიციას დღეს პარლამენტში ელოდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოპოზიციას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციების დასაწყებად, პარლამენტში დღეს, 15:00 საათზე ელოდება.
სპეციალური შეთავაზება ბაქრაძემ გუშინ, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ კონსულტაციების დასაწყებად სიტუაცია უკვე მომწიფდა.
მისი თქმით, კონსულტაციები უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და გასაგები საზოგადოებისთვის, ამიტომ მისასალმებელია ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა.
ბაქრაძეს ჯერჯერობით უჭირს იმის თქმა, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს საარჩევნო კოდექსზე მუშაობას და მხოლოდ იმას ამბობს, რომ კოდექსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს.
ამას გარდა, ბაქრაძე იმასაც ამბობს, რომ კონსულტაციები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს, თუმცა, კონსულტაციების პროცესში როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წინადადებები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.
პირველი შეხვედრა დღეს პარლამენტში გაიმართება, მომდევნო შეხვედრების ადგილი კი სამუშაო ჯგუფის გადასაწყვეტი იქნება.
8 ოპოზიციურ პარტიას შორის, რომლებიც ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლის თემაზე კონსულტაციებს გამართავენ, არიან "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", "ხალხის პარტია", "კონსერვაიული პარტია" და "რესპუბლიკური პარტია".
რაც შეეხება კონკრეტულად "ეროვნულ ფორუმს", პარტიის კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილის, ზაზა ჩაკვეტაძის პატიმრობის გამო, "ეროვნული ფორუმი" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. "ფორუმელები" საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად ჩაერთვებიან, ხოლო პარტიებს, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან, "ეროვნული ფორუმის" მანდატი ექნებათ.

























