"ქართული პარტიის" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკის დასაარსებლად 12 მილიონი არ მოუთხოვია.
როგორც გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, შეხვედრაზე პრეზიდენტმა თავად ჰკითხა, ისევ მუშაობდა თუ არა ამ საკითხზე. "მკითხა ბანკზე ვმუშაობდი თუ არა. ვუპასუხე, რომ ვმუშაობ და საქმეზე გადასვლა ვთხოვე. ილია ჭავჭავაძის საადგილმამული ბანკი არის ჩემი ჰობი, კალათბურთთან ერთად. მას შემდეგ, რაც სააკაშვილს პოლიტიკურ პენსიაში გავშვებ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან იმ ფორმატით შეხვედრა, რაზეც ~ასავალ-დასავალშია~ საუბარი, მხოლოდ ერთხელ შედგა. რაც შეეხება იპოდრომის აქციას, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ამაზე პასუხისმგებლობა მთელმა ეროვნულმა საბჭომ აიღო. ~მარტო გადაწვეტილებას ვერც და არც ვიღებდი. ვთვლი, რომ სააკაშვილს უნდა მოერიოს გუნდი", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
~მაესტროს~ ეთერში ~ქართული პარტიის" ლიდერმა ლევან გაჩეჩლაძემ ჟურნალისტ ჯაბა ხუბუასგან გაზეთ ~ასავალ-დასავალში~ გამოქვეყენებული ინფორმაციის წყაროს დასახელებაც მოითხოვა. ~მოვითხოვ, ჯაბა ხუბუამ წყაროები დაასახელოს. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი დაიდება და ყველა ინსტანციას გაივლის, დოკუმენტის წყაროს საჯაროდ, სწორ დროს და ადგილას მე თვითონ დავასახელებ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია ~მაესტროს~ ეთერში.
გაზეთ ~ასავალ–დასავალში~ დღეს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ - "დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი". გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...
სააკაშვილმა, როგორც "ასავალ–დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის ~გადაგდებას~ ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"