განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის, "წიგნის მეგობრის" ფარგლებში დავით ბაქრაძე და დიმიტრი შაშკინი 51-ე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ .
მეორეკლასელ მოსწავლეებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბავშვებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები წაუკითხა. კითხვის დასრულების შემდეგ კი, პატარების კითხვებსაც უპასუხა და ზღაპრების წიგნები საჩუქრად გადასცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აქცია სიმბოლურია და მისი მიზანი ბავშვებში წიგნის კითხვის წახალისებაა.
"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ეპოქაში, რომ ბავშვებმა იცოდნენ კომპიუტერი, იღებდნენ ინფორმაციას ინტერნეტით, მაგრამ არ შეიძლება, დაიკარგოს წიგნიერების, წიგნის კითხვის კულტურა. სწორედ ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი განათლების სამინისტროს და მინისტრის ამ ინიციატივას. შევეცდებით, ამ სიმბოლური აქციით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ეპოქაში ნაბეჭდი პროდუქცია", - აღნიშნა ბაქრაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროექტის მიზანი წიგნისა და ბავშვის დამეგობრებაა.
"მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, წიგნი დარჩეს ბავშვების მოკავშირედ; მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, რომლებსაც ბავშვობაში თვითონ კითხულობდნენ", - განაცხადა მინისტრმა.
პროექტ "წიგნის მეგობრის" პრეზენტაცია ნოემბერში თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. პროექტის კონცეფციის მიხედვით, სტუდენტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას უკითხავენ, რის შემდეგაც წაკითხულის ირგვლივ დისკუსია იმართება.