(სამოქალაქო რეესტრის სარეკლამო რგოლიდან)
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს. მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 6 თვეა, კონკრეტულ საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან, რეგისტრაცია ამ მისამართის მიხედვით გაიარონ.
რეგისტრაცია იმის მიუხედავად უნდა მოხდეს, არის თუ არა მოქალაქე იქ ჩაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პირადობის მოწმობა გაუუქმდეს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილმა სიახლესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა მისამართზე იმყოფება მოქალაქე და საჭიროების შემთხვევაში, სად მოძებნოს.
"სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, სად ცხოვრობს მისი მოქალაქე. ელემენტარულად საგადასახადოდან შეიძლება მოგივიდეთ შეტყობინება, შესაძლოა სასამართლოს დასჭირდეს მოქალაქესთან დაკავშირება. ეს შეეხება არჩევნებს თუ სხვა საკითხებს. სად მოგძებნოთ, სად გეკონტაქტოთ, სად გამოგიგზავნოთ წერილი, ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს. ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა - სადაც ცხოვრობ, იქ უნდა იყო რეგისტრირებული, იმის მიუხედავად, შენი საკუთრებაა თუ არა საცხოვრებელი", - განაცხადა გაბრიელაშვილმა.
მისივე განმარტებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზაზე წვდომა სულ უფრო მეტ დაწესებულებას, საჯარო თუ კერო სექტორში აქვს, შესაბამისად, მოქალაქეების რეგისტრაციის გაუქმების ფაქტს მეტი დაწესებულება გაიგებს, აქედან გამომდინარე, ბანკებში ან სხვა დაწესებულებებში მომსახურების მიღებაზე პრობლემები შეიქმნება, ვინაიდან აღმოჩნდება, რომ მათი პირადობის მოწმობა გაუქმებულია. "თუ რეგისტრირებული ხართ იქ, სადაც წლებია არ ცხოვრობთ, შეიძლება, ისე მოიხსნათ რეგისტრაციიდან და პირადობის მოწმობაც გაგიუქმდეთ, რომ ვერც გაიგოთ",-აღნიშნა გაბრიელაშვილმა.
რაც შეეხება ბინის მესაკუთრეებს, გაბრიელაშვილი განმარტავს, რომ მათ საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ. "მესაკუთრეებს ხშირად ეშინიათ ნათესავის ან მეგობრისთვის ნებართვის მიცემა, რომ ბინაში დარეგისტრირდეს, ვინაიდან ჰგონიათ, ეს ქონებრივ უფლებებს წარმოშობს. მისამართზე რეგისტრაცია ქონებრივ უფლებებს არ წარმოშობს. ასე რომ, თუ ნაქირავებ ბინაში ვინმე ცხოვრობს, ეს მესაკუთრეებს პრობლემას საკუთრებაზე არ შეუქმნის. მესაკუთრეს არ ეკისრება პირდაპირი ვალდებულება, კანონით ვინმე დაარეგისტრიროს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გადასახადს არიდებს თავს. ადამიანი თუ ცხოვრობს, წყალს მოიხმარს, შესაბამისად, გადასახადი უნდა გადაიხადოს. რეგისტრაცია ნიშნავს, უბრალოდ, მისამართის დაფიქსირებას და მატერიალური შედეგი, რაც ამას უკავშირდება, კომუნალური გადასახადებია",-განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა.
მისივე განმარტებით, ახალი პირადობის მოწმობის აღება 10-დღიან ვადაში უფასოა, გარდა ფოტოსურათის გადასახადისა. პირადობა, როგორც პიროვნების დამადასტურებელი, ასევე, მისამართის დადგენის დოკუმენტს წარმოადგენს და როცა მისამართი არაფაქტობრივია, პირადობა უქმდება.
აქამდე პირი რეგისტრაციიდან მხოლოდ მესაკუთრის განცხადების საფუძველზე შეიძლებოდა მოხსნილიყო. მესაკუთრეს კი, ამისთვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინა სამოქალაქო რეესტრისთვის. ახლა სხვა ადამიანებს, დაინტერესებულ პირებს, მათ, ვისაც ამის მოტივაცია აქვთ, შეუძლიათ, განცხადება შეიტანონ და რეესტრი ვალდებულია დაიწყოს წარმოება რეგისტრაციის მოხსნის თაობაზე. დაინტერესებული შეიძლება წყლის მიმწოდებელი ან სხვა კომპანია აღმოჩნდეს, რომელსაც ზიანი ადგება.
"ამოსავალი პრინციპი სიმართლეა - ვინ სად ცხოვრობს. ვისი განცხადების საფუძველზე დადგინდება ეს სიმართლე, მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გაითვალისწინა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის ინტერესები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მათ საკუთრებაში ძველი მფლობელების რეგისტრირების გამო. მათ ზედმეტი კომუნალური გადასახადების გადახდა უწევდათ, რეგისტრიის მოხსნას კი ვერ აკეთებდნენ, რადგან არ ჰქონდათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტომ სამართლებრივი ცვლილებები განახორციელა - დღეს ბინის მფლობელებს, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, განცხადების დაწერა შეუძლიათ. ასეთივე განცხადების დაწერა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს",-აცხადებს გაბრიელაშვილი.
სამოქალაქო რეესტრის დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების უფროსი მეგი კაციტაძე განმარტავს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხის გადასაწყვეტად ორი მოწმეა საჭირო, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი რეგისტრირებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
"მოქალაქის რეგისტრირების გაუქმების საფუძველია მესაკუთრის ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადება, რომ მოქალაქე მითითებულ მისამართზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობს. მისი განცხადება დადასტურებული უნდა იყოს ორი სრულწლოვანი მოქალაქის ჩვენებით. ამის შემდეგ რეესტრი 15 დღის ვადაში უუქმებს რეგისტრაციას. შესაბამისად უქმდება მისი პირადობაც და ის ძალადაკარგულად ითვლება",-განაცხადა კაციტაძემ.
მოქალაქეები ამ სიახლეს კრიტიკულად შეხვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა გაურთულდებათ და დამატებითი პრობლემები შეექმნებათ. ჩვენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ ოფისში მყოფ მოქალაქეებს გავესაუბრეთ. მათი პოზიცია ასეთია: "ეს სიახლე არ არის მისაღები. 6 თვის მერე ისევ ხელახლა ჩავეწერო ჩემს სახლში? უნდა ვიწვალო, შეიძლება დროებით შვილთან, ნათესავთან წავიდე, რაღაც პრობლემის გამო და უნდა მომხსნან რეგისტრაციიდან? მაწვალონ? თანახმა ვარ, იქ გადავიხადო გადასახადი, სადაც ვარ ჩაწრილი, ესა არაა ხალხის სასიკეთოდ".
"არაა მისაღები, ვთქვათ საზღვარგარეთ არის წასული მივლინებით ადამიანი 6 თვით. რომ ჩამოვა აღარ აღმოჩნდა რეგისტრირებული, ეს ხომ პრობლემაა მისთვის. ცვლილება ბიუჯეტის შესავსებად კეთდება".
"ვფიქრობ განსაკუთრებით სტუდენტებს და თბილისში დასაქმებულებს პრობლემები შეექმნებათ. ისინი თბილისში ქირით ცხოვრობენ. მესაკუთრეებს შეეშინდებათ საკუთრებასთან დაკავშირებით რამე სახის პრობლემები არ შეექმნათ და მოერიდებიან ბინაში სხვა პირის ჩაწერას. შესაბამისად, ბინების დაქირავება გართულდება".
იურისტებსა და ექსპერტებში აზრი ორად გაიყო. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამ სიახლეში პოლიტიკურ ელფერს ხედავს და ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების გაკონტროლებას უკავშირებს.
"მოქალაქეების დროის თვალსაზრისით და ფინანსური კუთხით, რა თქმა უნდა, არის პრობლემები, თუმცა, მთავარი ამაში ის არის, რომ ბრუნდება ძველი, საბჭოთა დრო - როდესაც ყველაფერი გაკონტროლებული უნდა ყოფილიყო და ხელისუფლებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონოდა, ვინ სად იმყოფება. განსაკუთრებით ახლა ამ თემის წამოწევა მიზანმიმართულად ხდება და პოლიტიკურია. გადასახადების ამოღების და ადამიანის მოძებნის მექანიზმი სახელმწიფოს ისედაც აქვს. უბრალოდ, ამას ამარტივებენ. უნდათ, ადამიანი გამუდმებით შიშის ქვეშ იყოს, რომ რაღაცაზე ვალდებულია და პასუხისგება მოუწევს. როგორც საგადასახადოს, ისე შს ორგანოებს ყველა ინფორმაცია აქვთ ნებისმიერ მოქალაქეზე და არ უჭირთ ადამიანების მოძებნა", - აცხადებს ნანუაშვილი.
ორგანიზაცია "კანონი ხალხისათვის" ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი კი სიახლის დადებით ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.
~ამ წინადადებას მხარს ვუჭერ იქიდან გამომდინარე, რომ რეგისტრაციის სიზუსტე მთავარი წყაროა ამომრჩეველთა სიის სიზუსტისთვის. რეგისტრაციის სიზუსტე ნიშნავს, რომ ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი იყოს იდენტური. კანონში განსაზღვრულია, როცა რეგისტრაცია არ მოითხოვება. ეს არის სამხედრო სავალდებულო სამსახური, საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინება, დანარჩენ შემთხვევაში 6 თვეზე მეტი ვადა არის საფუძველი, მოქალაქე ვალდებული იყოს გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებლის მიხედვით. რეგისტრაცია ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის მთავარი სამართლებრივი წყაროა. უნდა დავავალდებულოთ, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი რეალურს შეესაბამებოდეს. ვთქვათ მე დედაქალაქში ჩამოვედი, მაგრამ ნათესავები არ მყავს ან თანახმა არ არიან მათთან დავრეგისტრირდე, ასეთ შემთხვევაში რეგისტრაცია ხდება მისამართის გარეშე. გადასახადების გადახდის საფუძველი საცხოვრებელ სადგომზე აბონენტის მონაცემებია, აბონენტს თავისი ნომერი აქვს და ამის მიხედვით მოხდება გადახდა~,-განაცხადა ქუცნაშვილმა.
აღნიშნული სიახლე უკვე ძალაშია. რეგისტრაციის ახალი წესი იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ამოქმედდა.
ბელა ზაქაიძე
"ინტერპრესნიუსი"