ჯაბა ჯიშკარიანი დუტა სხირტლაძესა და ნინა წკრიალაშვილს მიუვარდება

ჯაბა ჯიშკარიანი დუტა სხირტლაძესა და ნინა წკრიალაშვილს მიუვარდება

"სამოქალაქო ფრონტის" თავმჯდომარე, ჯაბა ჯიშკარიანი ორ დღეში საპროტესტო აქციებს იწყებს – წერტილოვანი დარტყმები კონკრეტულ უწყებებთან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯიშკარიანმა განუცხადა, აქციები გაიმართება იმ უწყებებთან, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებთან, "რომლებმაც საზოგადოებას ძალადობის ხელი აწვნიეს".

მისივე თქმით, აქციები მსგავსი სახით 15-20 აპრილამდე გაგრძელდება, შემდეგ კი დაიწყება "ძებნის" აქციები.

"იქნება მივარდნები ყველა იმ ადამიანთან, არის ის მწერალი, პოეტი თუ საზოგადო მოღვაწე, ვინც ზურგს უმყარებს მიშას სისხლიან რეჟიმს და მის ქება-დიდებაშია. ისევე, როგორც რამდენჯერმე იყო მივარდნა მიშასთან სხვადასხვა რესტორანში", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

უკვე შედგენილია ოცეული, რომელში შემავალ ადამიანებსაც ჯიშკარიანი და მისი თანაგუნდელები მიუვარდებიან, მათ შორისაა მსახიობი დუტა სხირტლაძე და მომღერალი ნინა წკრიალაშვილი.

ჯაბა ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, ეს ოცეული მომავალში გაიზარდოს. მისივე თქმით, რევოლუცია ხალხის დაკვეთაა და ისინი ვალდებულნი არიან, ეს შეასრულონ.

"ხალხს უნდა რევოლუცია, ცვლილება და აუცილებლად ავასრულებთ ჩვენი მოქალაქეების ამ ნებას", - აღნიშნა ჯიშკარიანმა. 

ამასთან, ჯაბა ჯიშკარიანმა უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აქციებს ჯაბა ჯიშკარიანი იწყებს, "ქართული პარტია" კი ასრულებს.

რაც შეეხებათ დუტა სხრიტლაძესა და ნინა წკრიალაშვილს, ისინი ამბობენ, რომ ჯაბა ჯიშკარიანს საერთოდ არ იცნობენ და კომენტარისგანაც თავს იკავებენ.