შალვა რამიშვილისა და ნათია გამცემლიძის გადაცემა ორი წამყვანით - "სუბიექტური აზრი", 4-5 მაისიდან ტელეკომპანია "მაესტროს", რადიო "პალიტრისა" და რადიო "უცნობის" პირდაპირ ეთერში ერთდროულად გავა
კახა კუკავა: აფეთქებები მერაბიშვილის მოწყობილია - "ნინო ბურჯანაძეს თუ დააპატიმრებენ, ის იქნება 61-ე პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ წინა 60-ის გამო სააკაშვილს ვითარება არ გართულებია"
კლინტონი "ხელისუფლების სრულყოფილ გადაცემას" ითხოვს - "ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ყურში ჩურჩულის პოლიტიკა დაასრულეს და ღია განცხადებებზე გადავიდნენ"
"გაჩეჩილაძე-სააკაშვილის 40-მილიონიანი გარიგება" - ვინ აფინანსებდა "ქართული მინიჰოლივუდის" გაშენებას
* * *
შალვა რამიშვილისა და ნათია გამცემლიძის გადაცემა ორი წამყვანით - "სუბიექტური აზრი", 4-5 მაისიდან ტელეკომპანია "მაესტროს", რადიო "პალიტრისა" და რადიო "უცნობის" პირდაპირ ეთერში ერთდროულად გავა
"4-5 მაისიდან ტელეკომპანია "მაესტრო", რადიო "უცნობი" და რადიო "პალიტრა" ერთობლივ პროექტს იწყებენ. გადაცემა "სუბიექტური აზრი", რომელსაც ჟურნალისტი ნათია გამცემლიძე და შალვა რამიშვილი წაიყვანენ, საღამოს 8 საათზე პირდაპირი ეთერით ერთდროულად სამივე მედიასაშუალების ეთერში გავა. ნათია გამცემლიძე ამ გადაცემაში ჟურნალისტურ სტანდარტებს დაიცავს, შალვა რამიშვილი კი ჩვეულებრივ ამპლუაში იქნება და თავის პოლიტიკურ შეხედულებებს არ დამალავს. გადაცემაში სტუმრად მიიწვევენ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, რომელსაც ნებისმიერ თემაზე დაუსვამენ კითხვას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "სუბიექტური აზრი" ერთი ტელევიზიის და ორი რადიოს ეთერში / ნათია გამცემლიძის და შალვა რამიშვილის ახალი გადაცემა მაისიდან გავა.
"ეს იქნება გადაცემა, რომელსაც ეყოლება ორი წამყვანი, მე და შალვა რამიშვილი. ვმუშაობ რადიო "უცნობში" და 5 წელია მიყავს გადაცემა "დიალოგები". იმავდროულად პერიოდულად მანამდეც ვთანამშრომლობდი "მაესტროსთანაც". ალბათ გახსოვთ გადაცემა "უცნობი კავკასია". ამას გარდა ვიყავი "მაესტროში" ნინო ჟიჟილაშვილის პროდიუსერი, შემდეგ ჩვენივე სურვილით დაიხურა ეს გადაცემა. ახლა ვრჩები რადიო "უცნობის" თანამშრომლად და ვანახლებ "მაესტროსთან" თანამშრომლობას. ასევე მოგეხსენებათ, რომ შალვა რამიშვილი მუშაობს რადიო "პალიტრაში" და ასევე "მაესტროზე" აქვს გადაცემა. მე და შალვას ერთდროულად 5 საათზე მიგვყავს გადაცემა რადიოში და დღის ეთერში ერთმანეთის კონკურენტები ვართ. ამ ახალ პროექტს ახორციელებს ტელეკომპანია "მაესტრო", ანუ ის იწვევს წამყვანებს ორი რადიოდან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნათია გამცემლიძე.
"დიახ, სამივეზე ერთდროულად გავა, ეს იქნება პირდაპირი ეთერი საღამოს 8 საათზე. რაც შეეხება ზუსტ დღეებს და რიცხვს, ჯერ არ ვიცით, ალბათ 4-5 მაისიდან. დეტალებს ამ დღეებში დავადგენთ. რაც შეეხება გადაცემის ფორმატს, გვეყოლება ერთი სტუმარი - ის შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ექიმი, მეწარმე და ა.შ., სტუმრების პროფესიიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვისაუბრებთ მხოლოდ პოლიტიკაზე. ვისაუბრებთ ეკონომიკაზე, კულტურაზე და ნებისმიერ სხვა თემაზე. მაგალითად, რომ ავიღოთ პოლიტიკოსი, რომელიც ემზადება რევოლუციისთვის, ჩვენთან ეთერში არ ისაუბრებს მხოლოდ ამ დაანონსებულ რევოლუციაზე, მან შეიძლება ისაუბროს, მაგალითად, ფეხბურთის მატჩზე. ანუ გადაცემაში საუბარი იქნება კვირის ყველა აქტუალურ თემაზე", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
"გეთანხმებით, რომ შალვას აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური შეხედულება. თუმცა ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ოპოზიციას არ აკრიტიკებს. იგივე მისი გადაცემა შეფიცულებზე იყო ოპოზიციის კრიტიკა. თუმცა უფრო მეტად აკრიტიკებს ხელისუფლებას. მომწონს ის, როგორ მიჰყავს შალვას თავისი გადაცემა და ის ასეთი დარჩება ამ ახალ გადაცემაშიც. შესაბამისად, მე შევალ გადაცემის მსვლელობისას შალვასთან პოლემიკაში და ის ჩემთან. ასევე შალვა თავის პოზიციას გამოხატავს სტუმრებთანაც, რასაც მე არ გავაკეთებ არავითარ შემთხვევაში", - დასძენს ნათია გამცემლიძე და შეკითხვას - "ანუ ორი წამყვანიდან ერთი დაიცავთ ჟურნალისტურ სტანდარტებს და მეორე - არა?" - პასუხობს:
"დიახ, ასე იქნება. შალვა თავის პოზიციას აქაც არ დამალავს - გადაცემას ჰქვია "სუბიექტური აზრი" და ის თავის სუბიექტურ აზრს ყოველთვის დააფიქსირებს. ხოლო მე შევეცდები მაქსიმალურად დავიცვა სტანდარტი და ვიყო ობიექტური. შალვას ეს პოზიცია მე მომწონს და სწორედ ეს ორი განსხვავებული წამყვანი გადაცემას გახდის ძალიან საინტერესოს".
კახა კუკავა: აფეთქებები მერაბიშვილის მოწყობილია - "ნინო ბურჯანაძეს თუ დააპატიმრებენ, ის იქნება 61-ე პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ წინა 60-ის გამო სააკაშვილს ვითარება არ გართულებია"
"სააკაშვილის წასვლის დრო უკვე კარგა ხანია დამდგარია. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ოპოზიციის ერთიანობა ძალიან რთული საკითხია, რადგან ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტი სხვაობაა, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის... კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი ოპოზიციური პარტია დაადგა უკვე ღიად ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ხელისუფლებასთან ინტეგრაციის გზას. რაც შეეხება იმ ოპოზიციური ძალების გაერთიანებას, რომლებიც არ მოისაზრებიან ხელისუფლების ფლანგზე, ე.წ. რევოლუციური ფლანგზე, აქაც განსაზღვრული სირთულეები არის. იმიტომ რომ, ვფიქრობ, ერთგვარად ოპოზიცია არის ნამდვილად ჭაობში და აუცილებელია, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა, რომელიც ჯერჯერობით ნამდვილად არ არის გამოკვეთილი", - აცხადებს კახა კუკავა გაზეთი "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კუკავა: თბილისსა და ქუთაისში მომხდარი აფეთქებები მერაბიშვილის მოწყობილია.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას სააკაშვილი არ გადაჰყვება იმიტომ, რომ ასეთი ტიპის დასკვნები იდება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და ბევრად უფრო მწვავედ. ეს დასკვნა ნიშნავს სააკაშვილის დისკრედიტაციას, დისკრედიტაციასა და რეჟიმს შორის დიდი სხვაობაა. მაგალითად, კადაფის რეჟიმის დისკრედიტაცია მოხდა 40 წლის წინ და რეჟიმის შეცვლა ხდება ახლა და შემიძლია ძალიან ბევრი სხვა მაგალითი მოვიყვანო... უბრალოდ, არც ამერიკასა და არც სხვა დიდ სახელმწიფოებს არჩევანი არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ. სააკაშვილის გარდა დღეს სხვა კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის პოსტზე არ განიხილება მსოფლიოში. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენ ეს რეალობა უნდა დავინახოთ... სააკაშვილის გუნდში, რასაკვირველია, მიმდინარეობს განსაზღვრული დაპირისპირებები, მაგრამ სააკაშვილის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, ეს შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, იმიტომ რომ ყველა გუნდი, მათ შორის ბოკერიაც, თვითონაც კარგად აცნობიერებს, რომ მათ სააკაშვილის ჩანაცვლების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ", - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი და შეკითხვას - "რაც ახლოვდება აქციების დათქმული ვადა, მით უფრო აქტიურდება თემა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების შესახებ, დღეს აქტიურად საუბრობენ ნინო ბურჯანაძის დაკავებაზე. რა ინფორმაციებს ფლობთ, არის ამ ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლება? - პასუხობს:
"დიახ, ხელისუფლება არის ამ ყველაფერზე წამსვლელი და ეს არაერთხელ გვინახავს 2007 და 2009 წლებში, როცა კეთდებოდა მთელი რიგი ფაბრიკაცია სხვადასხვა ყალბი მტკიცებულებებისა და საქმეებისა, თითქოსდა ამბოხების, თითქოსდა იარაღის შესყიდვების შესახებ და შემდგომ ამ საქმეებმა ვერანაირი გაგრძელება ვერ ჰპოვა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ ტერორისტული აქტები მაისში მოხდება თბილისში და ეს იქნება ხელისუფლების მიერ დაგეგმილი. სხვათა შორის, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ის აფეთქება, რომელიც თბილისსა და ქუთაისში მოხდა, ეს იყო ვანო მერაბიშვილის დავალებით განხორციელებული... მე პირადად ნინო ბურჯანაძის დაკავებას არ ველოდები, რადგან არ ვფიქრობ, ხელისუფლება მისგან რამე დისკომფორტს მოელოდეს. ვფიქრობ, ეს უბრალოდ აგორებული ხმებია. ხელისუფლებას ამ ეტაპზე უფრო ნინო ბურჯანაძის დისკრედიტაცია აწყობს, ვიდრე მისი დაპატიმრება და უნდა ითქვას, რომ ეს მაინცდამაინც არ უძნელდება ხოლმე".
"არ არის ასე, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით უფრო გაიმწვავებს საქმეს ხელისუფლება. საერთოდ, საერთაშორისო პოლიტიკა და მსოფლიო პოლიტიკა ეფუძნება ჩვენს თავში იმ ყალბ წარმოდგენებს, რომლებიც ჩვენი ტელევიზიებისა და სხვადასხვა სახელმძღვანელოებით იქმნება, თითქოს არსებობს საერთშორისო სამართალი და დემოკრატიული პრინციპები და ასე შემდგომ. არ არსებობს, დაივიწყეთ ყველანაირი საერთაშორისო სამართალი და დემოკრატიული პრინციპები, ასეთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა და როგორც პოლიტიკოსმაც, არ არსებობს ბუნებაში. ეს არის პროპაგანდის ნაწილი. ამიტომ ხელისუფლებების შეცვლა, პოლიტიკური ვითარების გართულება საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის შედეგი არა დემოკრატიული პრინციპების ან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის, არამედ ცალკეულ სახელმწიფოთა შორის არსებული კონფლიქტებისა", - აცხადებს კახა კუკავა და დასძენს:
"თუ სააკაშვილს ვითარება გაურთულდება, გაურთულდება იმის გამო, რომ ის შეეწინააღმდეგება წამყვანი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკას. თორემ ის, რომ სააკაშვილი საერთაშორისო დემოკრატიულ უფლებებს უგულებელყოფს და ამის გამო მისთვის ვითარება გამწვავდება, ნუ დაიჯერებთ ამას. იმიტომ რომ ნინო ბურჯანაძეს თუ დააპატიმრებენ, ის იქნება 61-ე პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ წინა 60-ის გამო სააკაშვილს ვითარება არ გართულებია".
კლინტონი "ხელისუფლების სრულყოფილ გადაცემას" ითხოვს - "ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ყურში ჩურჩულის პოლიტიკა დაასრულეს და ღია განცხადებებზე გადავიდნენ"
"აშშ საქართველოში ხელისუფლების "სრულყოფილი და დემოკრატიული გადაცემის" საჭიროებაზე ალაპარაკდა. განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბერლინში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომაზე გააკეთა. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, ეს განცხადება იმ პოზიციას მიუთითებს, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის მოლოდინი არ აქვთ. თავად ხელისუფლება კი აცხადებს, რომ "ახალი არაფერი თქმულა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კლინტონი "ხელისუფლების სრულყოფილ გადაცემას" ითხოვს / "ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ყურში ჩურჩულის პოლიტიკა დაასრულეს და ღია განცხადებებზე გადავიდნენ".
"საბჭოს სხდომაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე რომ იქნებოდა საუბარი, ამის შესახებ ნატო-ს გენმდივნის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ყოფნისას განაცხადა. "ფრანს პრესის" ინფორმაციით კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განცხადება უკვე ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. გამოსვლაში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ხელისუფლების შეცვლის კონტექსტია. კლინტონმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს და განაცხადა, რომ იზიარებს მის წუხილს რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა იმავდროულად პროდასავლურ ერს დემოკრატიაზე მუშაობისკენ მოუწოდა. მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს დასავლეთისადმი მისწრაფებას და მადლობა გადაუხადა ქვეყანას ავღანეთში მისი წვლილისთვის, თუმცა იმავდროულად განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დემოკრატიული კურსი უნდა უზრუნველყოს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ოპოზიციის ნაწილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს - "დასავლელმა პარტნიორებმა ყურში ჩურჩულის პოლიტიკა დაასრულეს და ღია განცხადებებზე გადავიდნენ", - ამბობს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ერთსულოვნებითა და საერთაშორისო მხარდაჭერით, საარჩევნო კოდექსი შეიცვლება და თავისუფალ არჩევნებში მისი გუნდი ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს... ამ მოსაზრებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც იზიარებს. "ეს გამოსვლა ფრიად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც აშშ-ის ელჩის გამოსვლა იყო ძალიან საყურადღებო. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ამერიკას ეშინია, არ მოხდეს ხალხისა და ხელისუფლების ისეთი დაპირისპირება, როგორიც ხდება არაბულ ქვეყნებში. ჩემი აზრით, ეს განცხადება უპრეცედენტოა სწორედ იმ მხრივ, რომ ავლენს პრინციპულ დამოკიდებულებას ხელისუფლების შეცვლის მიმართ". ამავე დროს, ხელისუფლება კლინტონის გამოსვლაში ახალს ვერაფერს ხედავს", - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს:
"აქ ნათქვამია, რომ საქართველოში განსაზღვრული პერიოდულობით უნდა ეწყობოდეს არჩევნები და ეს არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესაბამისად უნდა მოხდეს ხელისუფლებაში ხალხის მანდატის განახლება, - თქვა გუშინ პავლე კუბლაშვილმა, - ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას დააკვირდება. ჩვენთან გამართული ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. აქედან გამომდინარე, ასეთივე ინტერესი იქნება 2012 წლის არჩევნებისადმი და დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალობას". არადა ფაქტია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამუშაო პროცესი ჩავარდნილია. თანაც სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლება არსებითი საკითხების განხილვას არ თანხმდება და მხოლოდ სამი-ოთხი კოსმეტიკური ცვლილების შეტანას გეგმავს... რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ "კლინტონის ამ განცხადებაში ორი მომენტი იყო მნიშვნელოვანი. პირველი, ღიად გაკეთდა მინიშნება, რომ საჭიროა ხელისუფლების სრულყოფილი და დემოკრატიული ცვლა. არ ვიცი, ამას ვინ როგორ ხსნის, მაგრამ ფაქტია, რომ სრულყოფილი არჩევნები ნიშნავს სრულყოფილს, ანუ იმას, რომ არჩევნები გაიმართება ნორმალურად და ამისთვის რეალური წინაპირობები შეიქმნება".
"მეორე კი არის ის, რომ როგორც ჩანს, აშშ-ის ხელისუფლებას არ აქვს იმედი, რომ სააკაშვილი ამას გააკეთებს. საკმაოდ კრიტიკული იყო ეს რეპლიკა. ჩანდა, რომ ამერიკული მხარე ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების დარჩენას დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში. ამიტომაც შიშობენ, პროცესები არაბული ქვეყნების სცენარით არ განვითარდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს რამდენად გაითვალისწინებს. ჯერჯერობით ხელისუფლებისგან ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. არ მგონია, ხელისუფლებამ დათმოს საარჩევნო გარემო, მეეჭვება, ხელისუფლებას არ ექნეს ბრძოლის რეალური რესურსები მაშინაც კი, თუკი ამერიკა კრიტიკული აღმოჩნდება. ხელისუფლება პარტნიორების ნათქვამს ყოველთვის არ უწევს ანგარიშს, თუ ეს ემუქრება ისეთ ინტერესს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
"გაჩეჩილაძე-სააკაშვილის 40-მილიონიანი გარიგება" - ვინ აფინანსებდა "ქართული მინიჰოლივუდის" გაშენებას
"ეს ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ძმები ლევან და გია გაჩეჩილაძეები სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი იყვნენ. გია გაჩეჩილაძემ, იმავე "უცნობმა", მიხეილ სააკაშვილის "ვარდების რევოლუციის" დროს აქტიური მხარდაჭერის სანაცვლოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კინოსა და თეატრის ინსტიტუტის აშენება სთხოვა. პრეზიდენტს მისთვის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 15 ჰექტარი მიწა უნდა გადაეცა. ამ ტერიტორიაზე არა მარტო კინოსა და თეატრის ინსტიტუტი, არამედ, ფაქტობრივად, გაშენდებოდა კინოინდუსტრიისთვის საჭირო ყველა შენობა-ნაგებობა, პავილიონები... მოკლედ "უცნობს" კუს ტბაზე ქართული მინიჰოლივუდის მოწყობა ჰქონდა ჩაფიქრებული", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით გაჩეჩილაძე-სააკაშვილის 40-მილიონიანი გარიგება / რის სანაცვლოდ აძლევდა პრეზიდენტი უცნობს კუს ტყის მახლობლად 15 ჰექტარ მიწას 1 ლარად და ვინ აფინანსებდა "ქართული მინიჰოლივუდის" გაშენებას.
"ქართულ ჰოლივუდში განზრახული იყო თითქმის ყველა ჟანრის ფილმის გადაღება. ამავე პროექტის მიხედვით, რომელსაც რატომღაც კინოსა და თეატრის ინსტიტუტი უნდა დარქმეოდა, იქვე აშენდებოდა ღია სცენა და დახურული საკონცერტო დარბაზიც. "ვერსიის" კონფიდენციალური და სანდო წყარო ირწმუნება, რომ "უცნობი" მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდა: შენ მიმართ არცთუ კეთილგანწყობილ ხალხს, კინოინდუსტრიასა და შოუბიზნესში მოღვაწე ხალხს დავასაქმებ, ანუ ე.წ. ოპოზიციური ინტელიგენციის ნაწილს და შენს მომხრეებად თუ არ ვაქცევ, მათ პროტესტსა და აგრესიას გავანეიტრალებ მაინც და შენს წინააღმდეგ მედიით აღარ გამოვლენო. როგორც წყარო ამტკიცებს, "უცნობი" 2005 წელს იმავეს აპირებდა, რასაც ახლა თავის არაერთ კოლეგას უკიჟინებს - მიშამ გადასაქმათ, ფულს გიხდით, სპექტაკლებსა და კონცერტებში სისტემატურად მონაწილეობთ და მისი ყურმოჭრილი მონები ხართო. აი, ამ "ყურმოჭრილი მონების" მწყემსვასა და პატრონობას კი "უცნობი" თავადვე აპირებდა და რომ დასცლოდა, ალბათ "მიშა ჯიგარიას" კლიპადაც გადაიღებდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პროექტის ღირებულება 32 მილიონი დოლარი იყო. იგი ქართველ ბიზნესმენებს უნდა დაეფინანსებინათ. შენობებიცა და პავილიონებიც მათ უნდა აეშენებინათ, შემდეგ კი "ქართული ჰოლივუდი" გადაეცემოდა გია გაჩეჩილაძეს, რომელიც იქნებოდა კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელი. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - პროექტი არ განხორციელდა მარტივი მიზეზის გამო - მიშამ უცნობი `გადააგდო". წყარო აცხადებს, რომ 2007 წელს, როცა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ითხოვდა და ლევან გაჩეჩილაძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, როცა იპოდრომზე სააკაშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად ოპოზიცია ხალხს ეპატიჟებოდა, მიხეილ სააკაშვილი თავად დაუკავშირდა გია გაჩეჩილაძეს და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრა შავნაბადაზე გაიმართა. სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს კუს ტბის პროექტი შეახსენა და უთხრა, ამ პროექტს დაგიფინანსებო. "უცნობმა" მეორე დღეს შავნაბადაზე სააკაშვილს მიუტანა კუს ტბის პროექტის ახალი ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც, პროექტი 32 მილიონის ნაცვლად, უკვე 40 მილიონი ჯდებოდა", - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს:
"სააკაშვილმა ახალი ხარჯთაღრიცხვა დაიტოვა და უთხრა, დაგიკავშირდებიო. ისიც დაამატა, ამ პროექტს ჰოლივუდის რომელიმე ცნობილ კინოკომპანიასთან ერთად განახორციელებდა. დანარჩენი კი ყველას კარგად მოგეხსენებათ... სააკაშვილმა, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, გაჩეჩილაძეებს მხოლოდ მცირედი შეუსრულა: ლევან გაჩეჩილაძეს ორმილიონიანი კრედიტი დაუფარა და ორი მილიონიც ხელზე მისცა, "უცნობს" კი რადიო "ნაცნობის" დასაფუძნებელი და "სპორტკაფის" შესაძენი ფული მისცა. სხვათა შორის, კუს ტბის პროექტს "ნაცნობი" უნდა დარქმეოდა".