"ახალი მემარჯვენეები" დამნაშავე ძალოვანების დასჯას მოითხოვენ

"ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებისგან იმ ძალოვანების დასჯას მოითხოვენ, რომელთაც 26 მაისს მიტინგის დარბევისას უფლებამოსილებას გადაამეტეს. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.
"ახალი მემარჯვენეები" კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლების დასჯას, რომელთაც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას უფლებამოსილებას გადაამეტეს და მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ აღიარა, რომ დაირღვა საერთაშორისო ნორმები და ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა არაპროპორციული ძალა და ადამიანებს სასტიკად სცემეს.
"პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, განსაკუთრებული სისასტიკე და ცინიზმი სახეზეა იმ კადრებიდან და ფოტოსურათებიდან, როლებმაც მთელი საქართველო და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეძრა და გააოგნა. სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება მიტინგზე მოსულ ადამიანებს პირად მტრად, მათი პირადი კეთილდღეობისთვის საფრთხედ აღიქვამს და არა ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის მტრად და საფრთხედ, როგორც ამას საჯაროდ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი", - აცხადებენ "ახალი მემარჯვენეები".
ყოველივე ამის გამო, პარტია სამ კონკრეტულ მოთხოვნას აყენებს:
"ვინაიდან ის ოფიციალური ორგანოები, რომელთა მოვალეობაცაა გამოძიების ჩატარება თვითონ მონაწილეობდნენ მიტინგის დარბევაში და ვერ იქნებიან ობიექტურნი, საქართველოს სახალხო დამცველთან შეიქმნას 26 მაისს მომხდარი საპროტესტო აქციის დარბევის დროს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შემსწავლელი საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია;
ღიაობის და საჯაროობის პირობებში, კომისიამ შეისწავლოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, რომელმაც სავარაუდოდ, გამოიწვია ადამიანების სიკვდილი და როგორც უამრავი ვიდეო და ფოტო კადრებით სავსებით ცხადად ჩანს, უამრავი ადამიანის ცემა, წამება, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა და ღირსების შელახვა;
სამართლიანი გამოძიების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ადამიანები, რომელთა ბრალეულობაც გამო იკვეთება რუსთაველის გამზირზე 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს."

























