ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკო-ტური მოეწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, მათი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს დაცულ ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკო-ტური მოეწყო.
სათავგადასავლო ტურში 6 სკოლის 40-მდე მოსწავლემ და პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ტურის განმავლობაში მოსწავლეები ეწვივნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობას, დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი, დალაშქრეს ეროვნული პარკის #3 ტურისტული მარშრუტი - ,,პანორამების ბილიკი", მოინახულეს მწვანე მონასტერი და ნიამორების ვოლიერები.
ტურის ფარგლებში მოეწყო ინტერაქტიული პრეზენტაცია თემაზე _ ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი". მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან და პროექტის მხარდამჭერებისგან სერტიფიკატები გადაეცათ.
ეკო-ტურის მიზანი მოსწავლეების ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვაა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, კომპანია BP და ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორები (BTC და SCP), ტურიზმის ასოციაცია GTA.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"