ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტებში 2003 წლის 2 ნოემბერს, პარლამენტში დეპუტატების შემცირებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვა, "რეფერენდუმად" არის მოხსენიებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7 ოქტომბრის დადგენილებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს ორგანული კანონის "რეფერენდუმის შესახებ" 23-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, კენჭისყრა წარმოებს 07.00 საათიდან. 2003 წლის 2 ნოემბერს, ერთდროულად ტარდება რა საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმი, მათი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის I პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი I. 2003 წლის 2 ნოემბერს კენჭისყრა, როგორც საპარლამენტო არჩევნების, ისე რეფერენდუმთან დაკავშირებით, წარიმართოს 08.00 საათიდან 20.00 საათამდე".
ასევე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებაში N31/2003, ნათქვამია, რომ "2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, კენჭისყრის დროს, სარეფერენდუმო, საპარლამენტო პროპორციული და საპარლამენტო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისათვის განკუთვნილი სამივე ბიულეტენი, ამომრჩევლის მიერ მოთავსებულ იქნას ერთ სპეციალურ კონვერტში. მუხლი II. 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმის დათვლის პროცედურისას, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, პირველ რიგში დათვლილი იქნას მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, შემდეგ პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და ბოლოს რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა".
აღნიშნულ დადგენილებებს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი და კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე.
2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმი საკამათო თემა მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი დეპუტატების რიცხვის 190-მდე გაზრდაზე შეთანხმდა. "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ დეპუტატების 235-დან 150-მდე შემცირების საფუძველი რეფერენდუმი არ ყოფილა, რადგან ის საკამათო დროს ჩატარდა და გადასახედია. პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი ვერ გაიხსენა, 2003 წელს რეფერენდუმი იყო თუ პლებისციტი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"