საქართველოს პარლამენტის მიერ 31 მაისს მიღებული "ლუსტრაციის კანონის" მიღების მოტივაციაზე, ეფექტურობასა და ხარვეზებზე "ინტერპრესნიუსი" ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ლუსტრაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის მკვლევარს, პეტერ როჟიჩს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, სოფო ვერძეულს ესაუბრა.
პეტერ როჟიჩი – ლუსტრაცია არა სამართლებრივი და მორალური, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გასამართლების ფორმაა
პეტერ როჟიჩი – აღმოსავლეთ ევროპის 30 ქვეყნიდან "ლუსტრაციის კანონი" მხოლოდ 12 ქვეყანაშია მიღებული. 18 ქვეყანას "ლუსტრაციის კანონი" დღემდე არა აქვს მიღებული. ლუსტრაცია სინათლესთან არის დაკავშირებული და ერთგვარი განწმენდის რიტუალს უკავშირდება, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ახორციელებენ.
ლუსტრაცია ბრძოლის წინ ან ბრძოლის შემდეგ ხორციელდება-ხოლმე. პოლიტიკური მნიშვნელობით ლუსტრაცია რომში, იმპერატორ ტრაიანის ეპოქაში იღებს სათავსეს. აღსანიშნავია, რომ იმ 12 ქვეყანაში, რომელშიც მიღებულია "კანონი ლუსტრაციის შესახებ", ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ამ კანონების მიზანია რეჟიმების ყოფილ მსახურთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ეს არის მცდელობა, გადახედონ წარსულს და რეჟიმის ყოფილ მსახურებს ახალ რეალობაში შეუზღუდონ ან აუკრძალონ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობა.
რიგ ქვეყნებში "ლუსტრაციის კანონის" მიღების თემაზე პარლამენტში არც უმსჯელიათ. ჩემს მშობლიურ სლოვენიაშიც არ მიუღიათ "ლუსტრაციის კანონი". არიან ქვეყნები, სადაც პარლამენტში კენჭისყრა შედგა, მაგრამ კანონი არ მიუღიათ. რიგ ქვეყნებში კანონი მიღებულია, მაგრამ ცხოვრებაში არ გატარებულა. იმ 12 ქვეყნაში, რომლებშიც კანონი მიღებულია, შეიძლება ვთქვათ შემდეგი – კანონი მკაცრი, საშუალოდ მკაცრი ანაც ჩვეულებრივია. აღსანიშნავია, რომ მკაცრი კანონები იმ ქვეყნებშია მიღებული, სადაც კომუნისტური რეჟიმი საკმაოდ მკაცრი იყო.
"ლუსტრაციის კანონის" მიღებამდე საჯარო მსჯელობა მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში აღმოჩნდა შესაძლებელი. კანონი ქმედუნარიანი იმავე დემოკრატიულ ქვეყნებში აღმოჩნდა. თუმცა, ამ ტიპის ქვეყნებშიც კი "ლუსტრაციის კანონის" შედეგები პოლიტიკური კონკურენციის დროს ხშირად გამოიყენება. ამ მხრივ გარკვეული თვალსაზრისით "ლუსტრაციის კანონი" ანტიდემოკრატიულიც შეიძლება იყოს. იმისათვის, რომ კანონმა სრულად იმოქმედოს აუცილებელია დემოკრატიულობის გარკვეული დონე.
რუსეთმა "ლუსტრაციის კანონი" 1991 წელს ვერ მიიღო. იმ პერიოდის რუსეთი უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე დღეს საქართველოა, მაგრამ საქართველომ "ლუსტრაციის კანონი" 2011 წელს მიიღო, რუსეთს კი იგი დღემდე არა აქვს მიღებული. 90-იან წლებში რუსეთში "ლუსტრაციის კანონის" მიღებაზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ამ კანონის მიღება ვერ მოხერხდა. რუსეთში "ლუსტრაციის კანონზე" აქტიურად მუშაობდა გალინა სტარავოიტოვა, მაგრამ მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ამ კანონზე პრაქტიკულად არც არავის უმუშავია. ამ კანონის მიღებაში პრეზიდენტი ელცინი იმ ადამიანებმა ვერ დაარწმუნეს, ვინაც მას ვიცე-პრემიერად ეგორ გაიდარის დანიშვნა ურჩია.
საქართველოში "ლუსტრაციის კანონის" მიღება არ განუხორციელებია პრეზიდენტ გამსახურდიასაც, რომელიც დისიდენტი იყო და კომუნისტები არ უყვარდა. ამის მიზეზი შესაძლოა, ორი რამ ყოფილიყო - იგი თავად იყო დაკავშირებული სპეცსამსახურებთან ანაც არ სურდა, გამოაშკარავებულიყო საბჭოთა წლებში მისი მამის სპეცსამსახურებთან სავარაუდო თანამშრომლობა.
რთული სათქმელია, კანონს შეუძლია თუ არა სამართლიანობის დამკვიდრება, მაგრამ ფაქტია, რომ მას ძლიერი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. უდავოა, რომ დემოკრატიული პირობებში პოლიტიკური კონკურნციისას წარსულს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ "ლუსტრაციის კანონის" ამოქმედება ქვეყანას და საზოგადოებას ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს. ვიმეორებ, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა "ლუსტრაციის კანონის" ამოქმედების შემდეგ წარმოქმნილ საფრთხეებს შედარებით იოლად უმკლავდება.
"ლუსტრაციის კანონის" მიღებისას გასათვალისწინებელია მოტივაცია და სამართლებრივი საკითხები. ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ გარკვეულ შედეგებზე საუბარი შემიძლია. გერმანიაში ლუსტრაცია ასეთი ლოზუნგით ჩატარდა _ "უმჯობესია, თქვენ მოხვიდეთ ჩვენთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვალთ თქვენთან". გერმანიამ ლუსტრაციის მკაცრი კანონი მიიღო და სწრაფადვე განახორციელა. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ვინაიდან გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შტაზის სახელწოდებით ცნობილ სპეცსამსახურზე საკმაოდ ბევრი მოქალაქე მუშაობდა. საკმაოდ მკაცრი ლუსტრაციის კანონი მიიღეს ჩეხეთში და ასევე სწრაფ ტემპებში განხორციელდა. პოლონეთმაც "ლუსტრაციის შესახებ" მკაცრი კანონი 1996 წელს მიიღო. ამ კანონის საბოლოოდ მიღება 2007 წელს მოხდა, მაგრამ მისი სრულად განხორციელება ჯერ არ დაწყებულა. პოლონეთში მოქალაქეს ეკითხებიან მხოლოდ იყო თუ არა რეჟიმის ნაწილი. თუ იგი ამ საკითხში იცრუებს, მკაცრად ისჯება.
სხვადასხვა ქვეყნებში კანონის მიღების აუცილებლობა სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული. ჩეხეთში "ლუსტრაციის კანონის" მიღება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ, 10 დღეში პრაღაში გავრცელდა პროკლამაციები, რომ კომუნისტებს უნდა დაებრუნებინათ ძალაუფლება. ამან დააჩქარა კანონის მიღება. ჩეხეთში კომუნისტური პარტია არ აუკრძალავთ, ჩეხ კომუნისტებს პარლამენტში დღესაც ჰყავთ თავისი წარმომადგენლობა. კანონის მიღებისას აკრძალვა არ დაწესებულა არჩევით ორგანოებში კომუნისტთა ყოფნაზე, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დაწესდა აღმასრულებელ ორგანოებში მათ საქმიანობაზე.
გერმანიაში კანონის განსაკუთრებული სიმკაცრით მიღება იმას დაუკავშირდა, რომ საჭირო იყო ქვეყნის დეკოლონიზაცია. საუბარია ქვეყნის გაერთიანების შემდეგ ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის დეკოლონიზაციაზე. ანუ, კანონის მიღება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
აშკარაა, რომ საქართველოში "ლუსტრაციის კანონის" მიღება პოლიტიკურად ძალიან მოტივირებული იყო. ძალიან ცუდია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია და ამ კანონის მიღების ინიციატორი სამოქალაქო საზოგადოება არ ყოფილა. ძალიან ცუდია ისიც, რომ კანონის მიღებამდე "ლუსტრაციის კანონზე" და მის კონკრეტულ მუხლებზე მსჯელობა საზოგადოებაში საჯარო მსჯელობა არ გამართულა. 2007 წელს საქართველოში კანონის მიღება ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა, როცა რუსეთიდან საფრთხის თვალსაზრისით პრაქტიკულად ისეთივე ვითარებაა, როგორც 2007 წელს, 2011 წელს კანონის მიღება შესაძლებელი გახდა. 2007 წელს "ლუსტრაციის კანონის" მიღების ერთ-ერთმა ინიციატორმა მითხრა, რომ დეპუტატმა თორთლაძემ, რომლის ინიციატივითაც წელს იქნა მიღებული კანონი, სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის კანონი, რაც თავად 2007 წელს ჰქონდა შემუშავებული. ჩემი აზრით, 2011 წელს "ლუსტრაციის კანონის" მიღებას რამოდენიმე ახსნა ჰქონდეს. შესაძლოა, ხელისუფლებას ამ ნაბიჯით ანტირუსული ქმედების განხორციელება სურდა ან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ოპოზიციის ინიციატივისათვის. შესაძლოა, იყოს უფრო სერიოზული ახსნაც - იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები რუსეთთან დაკავშირებული აღმოჩნდნენ, შშს-მ მოითხოვა "ლუსტრაციის კანონის" მიღება. თუ მანამდე დეპუტატთა ნაწილი კანონის მიღებაზე თავს იკავებდა, 26 მაისის მოვლენების შემდეგ თავის შეკავება და წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედა.
ამრიგად, ჩემი აზრით, საქართველოში "ლუსტრაციის კანონის" მიღება შიდა და გარე საფრთხეებით იყო მოტოვირებული. არავინ დაობს, რომ რუსეთი საფრთხეა, მაგრამ ვიტყოდი, რომ საქართველო რუსეთით ზედმეტადაც არის შეშფოთებული. ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ საბჭოთა სპეცსამსახურთან, საქართველოში ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ. მიუხედავად ამისა, ისინი დღესაც ამ სტრუქტურებთან დაკავშირებულ ადამიანებად აღიქმებიან.
კითხვაზე, თუ რატომ მიება საქართველოში "ლუსტრაციის კანონს" ანტიტერორისტული კონტექსტი? პეტერ როჟიჩის აზრი ასეთია _ "ხელისუფლება შიშობს, რომ მარტო ლუსტრაცია საკმარისი არ იქნებოდა. "ლუსტრაციის კანონის" ამოქმედების შემთხვევაში ლუსტრაცია არა სამართლებრივი და მორალური, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გასამართლების ფორმაა".
სოფო ვერძეული - საქართველომ ლუსტრაციის პროცესის განხორციელების რეპრესიული გზა არჩია
_ ქალბატონო სოფო, საქართველოს პარლამენტს "ლუსტრაციის კანონის" მიღების მცდელობა 2007 წელსაც ჰქონდა, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ 2011 წელს მოხერხდა. არადა, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი პირველი ლოზუნგი სწორედ ეს იყო. არავინ დაობს კანონის მიღების აუცილებლობაზე და იმაზე, რომ რუსული საფრთხე 2007 წლის მსგავსად დღესაც არსებობს, მაგრამ დღეს ქართული სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე ვთქვათ, იმავე 2007 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ "ლუსტრაციის კანონის" მიღების განმსაზღვრელი მოტივაცია და მიზანია, თქვენი აზრით, რატომ გახდა შესაძლებელი "ლუსტრაციის კანონის" სწორედ 2011 წელს მიღება?
- ლუსტრაციის პროცესის შემაფერხებლად რამდენიმე ფაქტორი შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც საზოგადოების ისე ხელისუფლების მოუმზადებლობა. იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს ლუსტრაციის პროცესები, აუცილებელია, პროცესის ინიცირება მოხდე საზოგადოებიდან, რომელსაც სურს გარკვეული მეთოდებით უპასუხოს წარსულის უსამართლობებს, ან ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც მოწადინებულია, რაც შეიძლება მკვეთრი გამყოფი ხაზი გაავლოს მასსა და მისი წინამორბედების დროს არსებულ დანაშაულებებს შორის. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხდა "ლუსტრაციის კანონის" მიღება ამ დრომდე, მდგომარეობს სწორედ ამ ფაქტორების სათანადო დოზით არარსებობაში.
_ რამდენად გაითვალისწინა კანონის მიღებისას საქართველოს პარლამენტმა სხვა ქვეყნების გამოცდილება?
_ ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, ლუსტრაციის პოლიტიკის მიმართულებების არჩევის დროს, გაეზიარებინა როგორც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი არც თუ მცირე გამოცდილება, ისე მხედველობაში მიეღო ამ ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მიიღო კანონი, რომელიც თავისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე ტოვებს მისი ადამიანის უფლებების საზიანოდ ინტერპრეტაციისა და გამოყენების შესაძლებლობას.
საქართველომ ლუსტრაციის პროცესის განხორციელების რეპრესიული გზა არჩია, რაც უპირველესად გამოიხატა თანამდებობრივი შეზღუდვების უვადოდ დაწესებაში. ზედმეტად მკაცრი და რეპრესიული მეთოდები კი არაერთხელ იქნა სხვადასხვა სასამართლოს მიერ შეფასებული, როგორც ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა.
_ თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს მიღებული კანონი? და კიდევ, ბევრს საუბრობენ კანონის ხარვეზებზე; თქვენი შენიშვნები როგორი იქნება?
_ მართალია, კანონის იმ ნაწილის აქტიურად ამოქმედება, რომელიც ლუსტრაციას შეეხება, ჯერ არ მომხდარა, თუმცა ამ ეტაპიდანვე შესაძლებელია კანონის ხარვეზებსა თუ საფრთხეებზე საუბარი.
კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც განიხილავს ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ალბათ ეს წარმოადგენს კანონისა და, ზოგადად, ლუსტრაციის პროცესის ყველაზე დიდ ხარვეზს საქართველოში. ყველა რეკომენდაციისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ორგანო, რომელიც განიხილავს ამ ტიპის საქმეებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამას გარდა, სერიოზულ ხარვეზად უნდა იქნეს მიჩნეული ისიც, რომ კანონის მიღების შემდეგაც კი, რთულია დაზუსტებით იმის თქმა, როგორი იქნება კომისიის შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი, მუშაობის პროცედურები ან ექნება თუ არა იმ პირს ადეკვატური სამართლებრივი გარანტიები საკუთარი ინტერესების დასაცავად, რომლის საქმსაც განიხილავს კომისია. ყველა ეს საკითხი და ამასთან ერთად, კანონის არაერთი ბუნდოვანი ჩანაწერი მიუთითებს კანონის ხარვეზზე და იმ საფრთხეებზე, რაც ამ ხარვეზებმა შეიძლება შექმნას მომავალში.
_ როგორც ცნობილია, საბჭოთა სუკ-ის არქივები საქართველოდან კარგა ხნის გატანილია და, შესაბამისად, ძალიან რთულია ამა თუ იმ პირზე კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება და რაიმეს მტკიცება. რა პრინციპით იმუშავებს შსს-ში ის სტრუქტურა, რომელსაც მოქალაქეთა სუკ-თან თანამშრომლობის ფაქტების დადგენა დაეკისრა?
_ არქივების თემამ კანონპროექტის ინიცირებასთან ერთად შეიძინა აქტუალობა. მართლაც, ლუსტრაციის პროცესის ეფექტური განხორციელებისთვის ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, პრობლემა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, არქივის რა ნაწილია ქვეყნიდან გატანილი ან განადგურებული. საინტერესოა არსებული არქივის მასალების სანდოობის საკითხიც, ვგულისხმობ იმას, რამდენად სწორია ის ინფორმაცია რაც ამ მასალებშია დაცული. ამას პროცესის მონაწილე ადამიანებისთვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ასევე პრობლემურია ამ მასალებზე წვდომის საკითხი. გაუგებარია, რა დოზით ექნებათ მასალების გაცნობის შესაძლებლობა იმ პირს, რომლის საქმესაც განიხილავს კომისია.
_ ექსპერტთა აზრით, "ლუსტრაციის კანონში" საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ანტიტერორისტულ კომპონენტს. თქვენი აზრით, რატომ?
_ ლუსტრაციის კანონი წარმოადგენს პარლამენტის მიერ მიღებული ერთიანი დოკუმენტის - "თავისუფლების ქარტიის" შემადგენელ ნაწილს. კანონის პირველი მუხლიდან შესაძლებელია კანონის ძალიან ფართო მიზნების ამოკითხვა, რომელთა შორისაა სახელმწიფოს წინაამღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმის და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების აღკვეთა. მიზნების მრავალფეროვნების შესაბამისად, ძალიან ფართოა კანონის რეგულირების სფეროც, რომელიც მოიცავს როგორც ანტიტერორისტულ ღონისძიებებს, ისე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის აღვეთისა და ლუსტრაციის პროცესის ღონისძიებებს. შესაძლოა, კანონის ავტორის მიერ, ყველა აღნიშნული საფრთხე გათანაბრებული იქნა, რამაც გამოიწვია კიდეც შესაბამისი რეგულაციების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონის ამბიციური მიზნების საპირისპიროდ, კანონის შინაარსი ვერ უზრუნველყოფს თითოეული საკითხის სრულყოფილ რეგულირებას.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"