საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისას, სხდომათა დარბაზში ქვორუმისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არ იმყოფებოდა

პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქვორუმისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არ იმყოფებოდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი პარლამენტიდან იუწყება, კენჭისყრის პროცედურისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში 87 დეპუტატი იყო, თუმცა, ქვორუმი 100-ია.
მიუხედავად დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობისა, საკონსტიტუციო ცვლილება საბოლოოდ 103 ხმით ერთის წინააღმდეგ მაინც დამტკიცდა.
რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულად არ უნდა ჩაითვალოს. თუმცა, სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, ეს ფაქტი არავის გაუპროტესტებია.

























