ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში უზუსტობა აღმოჩნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ზვიად გურულმა განუცხადა, ერგნეთში ფოტორეპორტაჟის გადასაღებად გიორგი აბდალაძე 2000 წელს წავიდა და არა 2002 წელს როგორც ის ამას პროკურატურის მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ამბობს.
"ეს იყო 2000 წლის მაისის დასაწყისი. მე ვმუშაობდი ჟურნალ "გზაში~ ჟურნალისტად. მაშინ ერგნეთის ბაზრობა ძალიან აქტუალური თემა იყო, იქ კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობდნენ. ჩამოვიტანე რეპორტაჟი და ერგნეთში გაიგზავნა ფოტორეპორტიორი მძღოლთან ერთად, ფოტოების გადასაღებად", - აცხადებს ზვიად გურული.
მისივე თქმით, აბდალაძე ერგნეთიდან იმავე დღეს უნდა დაბრუნებულიყო, რადგან მასალა მეორე დღის ნომერში უნდა დაბეჭდილიყო. მოგვიანებით, რედაქციამ მიიღო ინფორმაცია აბდალაძისა და მძღოლის დაკავების შესახებ.
"შეუსაბამობა რატომ მოხდა აბდალაძის ჩვენებასა და ამ ამბავს შორის არ ვიცი. ჩემთვის მაგალითად, წარმოუდგენელია, ადამიანის ცხოვრებაში ამხელა რამე მოხდეს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურზე მუშაობა დაგავალონ და არ გახსოვდეს, რომელ წელს იყო ეს", - აღნიშნავს ზვიად გურული.
ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე აღიარებით ჩვენებაში ყვება, თუ როგორ დაითანხმეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე.
აბდალაძე ამბობს, რომ 2002 წელს, როდესაც გაზეთ `კვირის პალიტრის~ ფოტოკორესპონდენტი იყო, რედაქციიდან ერგნეთში მივლინებით გააგზავნეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მძღოლთან ერთად ნეიტრალურ ტერიტორიაზე დააკავეს და სცემეს. წაიყვანეს ცხინვალში, სადაც გაჩხრიკეს და პრეზიდენტის კანცელარიის აკრედიტაცია, ასევე, დიქტოფონი აღმოუჩინეს, რომლითაც მის დაკავებას იწერდა.
აბდალაძის თქმით, ამის შემდეგ უარესად სცემეს. გადასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის ბრალდებული იყო ჯაშუშობაში და ცხინვალის ტერიტორიაზე დივერსიული ოპერაციის ჩატარებაში. ჩვენების მიხედვით, გამთენიისას იგი სხვა ადგილზე გადაიყვანეს, სადაც ორი რუსი სამხედრო დახვდა. მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მძიმე მუხლი ჰქონდათ წაყენებული, რომელიც 9-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, აბდალაძე აღნიშნავს, რომ თუ არ ითანამშრომლებდა მათთან, დაუდეს ძმების, დების ფოტოები და მათი ლიკვიდირებით დაემუქრნენ. თანამშრომლობის შემთხვევაში კი გასამრჯელოს დაჰპირდნენ.
გამოსვლისას დე ფაქტო უშიშროების მინისტრმა უთხრა, რომ თავისუფალი იყო და ერთგნეთთან ჟურნალისტები დახვდებოდნენ.
ერთი წლის შემდეგ კი, როდესაც სამსახური შეიცვალა და სხვა რედაქციაში გადავიდა, მეტრო "რუსთაველთან" უცნობი პირი შეხვდა, რომელმაც ცხინვალის ხელშეკრულება შეახსენა და უთხრა, რომ იგორ გიორგაძის პარტიას უნდა დახმარებოდა. მან პარტიის მისამართი მისცა და უთხრა, რომ იქ უნდა მისულიყო.
გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი გუშინ გავრცელდა.