"ქრისტიან დემოკრატები" მე-8 საავადმყოფოს მედპერსონალის დასაქმებას მოითხოვენ.
მოძრაობის ლიდერებმა მაგდა ანიკაშვილიმა და გიორგი ახვლედიანმა დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მოხდება მათ საკუთრებაში არსებული მე-8 საავადმყოფოს რეაბილიტაცია და რა ბედი ელის საავადმყოფოში დასაქმებულ 200-მდე ადამიანს.
სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის, ზურაბ ორჯონიკიძის განმარტებით, საავადმყოფო ვერც ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და მისი ფუნქციონირება დაუშვებელია, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და 2012 წელს დასრულდება.
მისივე თქმით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მე-8 საავადმყოფოს მედპერსონალის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილებაზე, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, არსებობს საკმარისი მოთხოვნა ექიმებზე და არც ერთი პროფესიონალი უმუშევარი არ დარჩება.
ამის მიუხედავად, "ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, რომ საავადმყოფოს მედპერსონალის დასაქმების მყარი გარანტიები არ არსებობს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობაა საჭირო. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატების" მიზანია, არც ერთი ექიმი უმუშევარი არ დარჩეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"