გიგი წერეთელი პენსიონერი პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიდგომის შეცვლას გამორიცხავს

ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი პედაგოგების ხელფასსა და პენსიასთან დაკავშირებით მიდგომების შეცვლის პერსპექტივას გამორიცხავს.
მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირმა პენსიასა და ხელფასს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი აიღოს. გამონაკლისი დაშვებულია ინვალიდების გარკვეულ კატეგორიასა და პედაგოგებთან მიმართებაში. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით კი, პედაგოგებთან მიმართებაში აღნიშნული მიდგომის შეცვლა იგეგმება და პენსიონერი მასწავლებლებიც, პენსიასა და ხელფასს შორის არჩევანის წინაშე დადგებიან.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გიგი წერეთელმა უარყო.
მისი თქმით, მსგავსი არც გადაწყვეტილებაა მიღებული და ეს საკითხი, განხილულიც კი არ ყოფილა.
პედაგოგებთან მიმართებაში გიგი წერეთელს მართებულად მიაჩნია, რომ სახელოვნებო სასწავლებლების და სხვა დაწესებულებების მასწავლებლების, პედაგოგის სტატუსთან გათანაბრების საკითხზე დაიწყოს მუშაობა.
"ამ საკითხზე ფიქრი კი აუცილებლად უნდა დავიწყოთ", – დასძინა ვიცე სპიკერმა.

























