ქუთაისში ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლების გამაფრთხილებელი გაფიცვა დასრულდა

ქუთაისში ქართულ-ინდურის საწარმო "ევრაზიანსთილსის" ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლების გამაფრთხილებელი გაფიცვა დასრულდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაფიცვის ერთ-ერთმა მონაწილემ, ემილო გუმბერიძემ განუცხადა, გამაფრთხილებელმა გაფიცვამ შედეგი არ გამოიღო და ქარხნის მუშები სრულმასშტაბიან გაფიცვას მომავალი კვირაისთვის გეგმავენ.
"გაფიცვის მსვლელობისას ქარხნის ხელმძღვანელობისგან იყო მუქარა, რომ თუ სამუშაო ადგილებს არ დავუბრუნდებოდით, გაფიცვაში მონაწილეებს სამუშაოდან დაგვითხოვდნენ. თუმცა, აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა და გაფიცვაში მონაწილეობისთვის ჯერ არავინ დასჯილა. ყველა გაფიცული ამ დროისთვის საკუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა და ქარხანაში სამუშაო პროცესი აღდგა", _ აღნიშნა ემილო გუმბერიძემ.
მისივე თქმით, გამაფრთხილებელი გაფიცვა 13.00 საათზე დაიწყო და ორ საათში დასრულდა. ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლები ხელმძღვანელობის სამსახურიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლის სამუშაოზე დარბუნებას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ქარხნის საგაფიცვო კომიტეტმა გამაფრთხილებელი გაფიცვის შესახებ წერილობით წინასწარ აცნობა შპს "ევრაზიანსთილსის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, პაატა ჩხენკელს, ქარხანა "ჰერკულესის" მენეჯერს რაჯი კუმარ სურეკას, საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს, სოციალურ პარტნიორებს და საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს.

























