გიორგი ცაგარეიშვილი გიორგი ხიზანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის, გიორგი ხიზანიშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხიზანიშვილის ქმედებებში იკვეთება თანამდებობრივი გულგრილობის ნიშნები, რადგან ის შეგნებულად აჭიანურებს პატიმარ იოსებ წიკლაურისთვის ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გაცემას.
მისი თქმით, წიკლაურის ოჯახთან გაფორმებულია ხელშეკრულება და პატიმარს ექსპერტიზა ჯერ კიდევ 2011 წლის 28 ივნისს ჩაუტარდა, დასკვნა კი 30 სამუშაო დღის მანძილზე უნდა გაცემულიყო.
ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ჩატარებიდან უკვე გავიდა ორი თვე, პატიმრის მდგომარეობა კი უკიდურსად მძიმეა და მეტიც, ექიმები შესაძლო ლეტალურ შედეგს პროგნოზირებენ.
დეპუტატის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა საჭიროა, რომ პატიმარ წიკლაურს, რომელიც "ლოგინზეა მიჯაჭვული", სასჯელი არა მოეხსნას, არამედ გადაუვადდეს.
ცაგარეიშვილის აზრით, გიორგი ხიზანიშვილზე ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა, სავარაუდოდ, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის და ან პროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან, რადგან ხელისუფლებას არ აწყობს ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასჯელის გადავადების პრეცედენტი შეიქმნას.
მისი თქმით, ასობით და ათასობით ადამიანი დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში, სხვადასხვა ავადმყოფობით არის დაავადებული და სწორედ ამიტომ, ასეთი პრეცედენტის შექმნა ხელისუფლებისთვის საშიშია.
"ეს ინკვიზიციური წესი დაამკვიდრა იმ ხელისუფლებამ, რომლის ხელმძღვანელიც ველოსიპედით, ანაკლიისა და ქუთაისის გავლით, თავქუდმოგლეჯილი მიემართება ევროპისკენ", – დასძინა ცააგრეიშვილმა.
ფრაქცია ხიზანიშვილზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მასალებს მთავარ პროკურატურას, ორშაბათს გადაუგზავნის. ამასთან, ფრაქცია გიორგი ხიზანიშვილს უახლოეს საჯარო სხდომაზეც იბარებს და ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურების მიზეზებთან დაკავშირებით, პასუხის მიღებას შეეცდება.

























