მესტიაში ხვალ ერთდღიანი ფესტივალი "სვანსეტი 2011" ჩატარდება

მესტიაში ხვალ ერთდღიანი ფესტივალი "სვანსეტი 2011" ჩატარდება. პროექტის მიზანია, სვანსეტის ტურისტული ზონის პოპულარიზაცია, მისი კულტურულ ცენტრად გადაქცევა და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა.
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურისა და სვანსეტში ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით, ორგანიზატორები მუსიკალურ ფესტივალზე 2000-ზე მეტ მსმენელს ელოდებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა სამდღიანი ტურ-პაკეტები, რომელიც მგზავრობას, დაბინავებასა და კვებას მოიცავს.
წელს ფესტივალის ფარგლებში სამი მუსიკალური პროექტის წარდგენა მოხდება: "Altervision Group" და "ქართული ჩანაწერები" წარმოადგენს ირაკლი ჩარკვიანის ახალ პროექტს – "თეთრი ღმერთი", რომლის ლაივ ვერსიასაც შეასრულებს ბენდი, ირაკლი ჩარკვიანის პროექციისა და ვიზუალური ეფექტების საშუალებით. ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომი შეიქმნა მისი გარდაცვალების შემდეგ და მასში შესულია დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსები, კომპოზიციები და ძველი სიმღერების ფრაგმენტებზე შექმნილი ტრეკები.
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მსმენელი Soft Eject-ს ხვალ პირველად მოისმენს სრულიად ახალი პროექტით - Exclamation. Green Room
ელექტრონული ლაივით უკვე რამდენჯერმე წარსდგა მსმენელის წინაშე, თუმცა "სვანსეტი 2011" განსაკუთრებული იმით იქნება, რომ ელექტრონული დუეტი "Green Room" რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს სვანსეტის ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლ "რიჰო"-სთან ერთად.
მუსიკალური ფესტივალი "სვანსეტი" მესტიაში პირველად 2007 წლის მარტში ჩატარდა. ფესტივალი სამი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ტარდებოდა და მასში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა ქართულმა ბენდებმა მიიღეს, როგორიცაა: ძუმბა, შტრ!ინგ, Green Mama, ასევე დიჯეებმა, Mix"ო და ჩიგა. ფესტივალს 1500-მდე ადგილობრივი მცხოვრები და სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოსული სტუმარი დაესწრო.
წელს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და Altervision Group-ის მიერ დაგეგმილია ერთდღიანი ფესტივალი ღია ცის ქვეშ. ფესტივალს არა მხოლოდ კონცერტის, არამედ შოუს სახეც ექნება – ეფექტური ვიზუალური გაფორმება, საფესტივალო ატმოსფეროს შექმნა, თავისუფალი გარემო და თანამედროვე მუსიკა.

























