არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მხარდამჭერ აქციას გამართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, 13.00 საათზე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "საზოგადოებრივი დამცველის" წარმომადგენელმა ირინა ფუტკარაძემ განუცხადა, ქართული უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომლის მიმართაც ხელისუფლების მხრიდან შეტევა განხორციელდა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სიცრუეში დაადანაშაულა, ასევე, ასოციაციას დაუპირისპირდა შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" და მათი მხარდაჭერის ნიშნად საიას ოფისთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. აქციაში მონაწილეობას მიიღებს "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "21-ე საუკუნე", "მრავალეროვანი საქართველო", "ჯანმრთელი სამყარო", "კოალიცია სამოქალაქო საზოგადოებისათვის", "სამართლიანი არჩევნები", "სამართალი და თავისუფლება" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

























