ადვოკატები მოსამართლეს რეპრესირებულების საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ადვოკატები, რომლებიც რეპრესირებულების ინტერესებს იცავენ, მოსამართლე კობა გოცირიძეს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ .
როგორც ~ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, მოსამართლე კობა გოცირიძემ რეპრესირებულთა საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ანალოგი მსოფლიოში არსად არსებობს. მისი შეფასებით, მან ამ გადაწყვეტილებით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გზით მიყენებული ზიანი, ანუ, ფაქტობრივად, ადამიანის სიცოცხლე 400 ლარად შეაფასა.
რეპრესირებულების საქმეზე სასამართლოს პრაქტიკაზე ამ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე დღეს ადვოკატები ზაქარია ქუცნაშვილი, მირზა (ტარიელ) მურმანიშვილი და ზაალ სარაჯიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
~მოგეხსენებათ მატერიალური ზიანის დათვლისაგან განსხვავებით მორალური ზიანის დათვლა საკმაოდ სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს და აქედან გამომდინარე რთულია. საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით, გადასახლებით და რეპრესირების სხვა სახით მიყენებული მორალური ზიანი~,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

























