სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების უცხო ქვეყნის ბირჟაზე გატანის შესაძლებლობა იქმნება

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე გატანის შესაძლებლობა იქმნება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: წილებისა და აქციების პრივატიზება; წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა. ასევე, წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
კანონპროექტით კი დგინდება, რომ წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, ასევე, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით.
შესაბამისად, საფონდო ბირჟაზე გატანის შესაძლებლობის დაშვების გარდა, პროექტის მიხედვით, უქმდება წილებისა და ქციების მართვის უფლებით გადაცემის ნორმა.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი არიან. პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს იმსჯელებს, თუმცა მანამდე, კომიტეტში, უკვე ინიცირებული პროექტის გადამუშავებას არ გამორიცხავენ.

























