საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მაკედონიას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ შეხვედრას მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ვილნიუსში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება .
ქართველი კალათბურთელები უკვე ორი დღეა, ლიტვის დედაქალაქში იმყოფებიან და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის აქტიურად ემზადებიან. ვილნიუსში გუნდთან ერთად მყოფი გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტის, ვაჟა სიმონიშვილის ინფორმაციით, ქართველმა კალათბურთელებმა გუშინ საკმაოდ დატვირთული ვარჯიში ჩაატარეს. როგორც ვარჯიშის შემდეგ გუნდის წევრები აცხადებდნენ, საბრძოლო განწყობაზე არიან და სურთ, დაამტკიცონ, რომ საქართველო ჯგუფური ეტაპიდან პლეი ოფში შემთხვევით არ გასულა და ყველა ნაკრებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.
დღევანდელ შეხვედრას გამოაკლდება გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს. ექიმების ვარაუდით, ფაჩულია სულ მცირე ორ შეხვედრას გამოტოვებს. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველად ასპარეზობს. გუნდმა საკმაოდ რთული ქვეჯგუფიდან გასვლა მოახერხა და ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
F ჯგუფში ქართველების მეტოქეები არიან მაკედონიელები, ბერძნები და ფინელები.

























