აშშ-ის ელჩი შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდთა განახლებულ სახლს გახსნის

აშშ-ის ელჩი შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდთა განახლებულ სახლს გახსნის

აშშ-ის საქართველოში ელჩი ჯონ ბასი და ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დღეს, მარტყოფში, შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდთა განახლებულ სახლს გახსნიან.

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, სახლი 80 მოზარდისთვისაა განკუთვნილი. აშშ-ის მთავრობამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 600 ათასი დოლარით დააფინანსა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ 500 ათასი დოლარი გამოყო, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ავეჯისა და მოწყობილობების შესაძენად - 100 ათასი დოლარი. ღონისძიებაზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულ სარდლობას კონტრ-ადმირალი ენდი ბრაუნი წარმოადგენს.

ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთა განცხადებით, პროექტს 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, ნიკა ფურცელაძის რეკომენდაციით, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკმა დენ ტოულმა მარტყოფის სახლის დასახმარებლად 30 მოხალისე საზღვაო ქვეითი გამოყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვაო ქვეითებს 30 ქართველი მოხალისე დაახმარა. ქართველმა და ამერიკელმა მოხალისეებმა სახლი დაასუფთავეს. აშშ-ის არმიის მაიორმა ჯეისონ ბეიკერმა საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულ სარდლობას 500 ათასი დოლარის გრანტის გამოყოფა სთხოვა. პროექტში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აგრეთვე ქართველი და ამერიკელი მოხალისეები აშშ-ის საელჩოდან.

მოზარდთა სახლის დირექტორის, ლელა კიკნაძის განცხადებით, სახლში შექმნილია ყველა პირობა, რათა მოზარდებმა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ. საერთო სასადილოს გარდა, სამივე სართულზე განთავსებულია პატარა სამზარეულო და სამრეცხაო. მათსავე განკარგულებაშია კომპიუტერული ოთახი ინტერნეტით და სამედიცინო ოთახი. საელჩოს წარმომადგენლების თქმით, სამომავლო გეგმა მარტყოფის სახლის ბინადართათვის სამუშაოს შოვნას ითვალისწინებს.