დონალდ ტუსკი - ევროკავშირმა საქართველოსა და მოლდოვას ამბიცია უნდა დააკმაყოფილოს

ევროკავშირის გაფართოების იდეასა და მის წევრობაზე უარის თქმა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყოველგვარ სტანდარტს ასრულებენ, კაპიტულაცია იქნებოდა , _ ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კრინიცაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე ამბიციური ქვეყნები, რომლებიც მალე შეხვდებიან აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ვარშავაში, სწორი გზით მიდიან და არავის მოსდის აზრად საქართველოში, მოლდოვაში და უკვე უკრაინაშიც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა დააკმაყოფილოს იმ ქვეყნების ამბიცია, რომლებსაც წარმოადგენენ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ფილატი და პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს უნდა მოხდეს მთლიანად ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე.
"ამიტომაც, დღეს კრინიციდან, ხვალ კი ვარშავიდან, ასევე, ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან უნდა წამოვიდეს ძალიან მძლავრი ხმა, რომელიც ძლიერ მუხტს ატარებს ევროკავშირის არა მარტო ამჟამინდელი სტატუსკვოს გაგებით, არამედ იმითაც, თუ რას უნდა მივაღწიოთ მომავალში. ევროკავშირის გაფართოების იდეასა და მის წევრობაზე უარის თქმა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყოველგვარ სტანდარტს ასრულებენ, კაპიტულაცია იქნებოდა", _ განაცხადა დონალდ ტუსკმა.

























