აფხაზეთში უკანონო სატელეფონო მოსმენის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

აფხაზეთში უკანონო სატელეფონო მოსმენის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ უკანონო სატელეფონო მოსმენის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

საქმე სამსახურებრივი უფლებასმოსილების გადამეტების გამო, შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ აღძრეს, რომლებიც 2011 წლის ივლისიდან აგვისტომდე სატელეფონო საუბრებს უკანონოდ უსმენდნენ. გამოძიების ვერსიით, მოსასმენი აღჭურვილობა რუსეთის ტერიტორიაზე შეიძინეს და აფხაზეთში 2011 წლის ივლისში შეიტანეს.

გამომძიებლები აღჭურვილობას ამჟამად დე ფაქტო შსს-ს იმ თანამშრომლების სამუშაო ოთახებში ეძებს, რომელთაც შესაძლოა, უკანონო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებთან ჰქონდეთ კავშირი.

ჩხრეკა მიმდინარეობს, ასევე, დე ფაქტო უწყების რიგი მაღალი თანამდებობის საცხოვრებელ ბინებშიც.