ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ შიდა დაპირისპირებას ელოდებიან

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძალისმიერ დაპირისპირებას არ გამორიცხავს. როგორც სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება, ამის შესახებ უშიშროების დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
დე ფაქტო კომიტეტის ვერსიით. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების მოპოვებისა და ოპონენტების დისკრედიტირების მიზნით, გარკვეულმა ჯგუფებმა შესაძლოა, სხვადასხვა პროვოკაციებს, მათ შორის ინფორმაციულ პროვოკაციებს, მოქალაქეების მოსყიდვას, მოქმედი ხელისუფლების შანტაჟს მიმართონ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ზოგი მოქალაქე საზოგადოებაში პანიკის დათესვის, განხეთქილების შეტანის და ე.წ. არჩევნების პროცესის დისკრედიტირების მიზნით ხმებს ავრცელებს.
"მსგავსი აქციების ორგანიზატორები არ აცნობიერებენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების რეალიზების გამო, საზოგადოებას ძალისმიერ დაპირისპირების და ამ გზით რესპუბლიკას საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დისკრედიტირების რისკის ქვეშ აყენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერ პროვოკაციის მცდელობა აღიკვეთება, ხოლო ორგანიზატორები დაისჯებიან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს არის დანიშნული.

























