"ეროვნული საბჭო" იუსტიციის საბჭოს მაღალჩინოსანს მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებს
"ეროვნული საბჭო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსს გიორგი მიროტაძეს მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც პრესკონფერენციაზე ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა როინ ხიჯაკაძემ განაცხადა, მიროტაძე კონკრეტულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა ხამხაძეზე ზეწოლას ახდენს. მისი განცხადებით, ამ დავაში ერთ-ერთ მხარეს შუბითიძეები წარმოადგენენ, რომელთა ადვოკატი გიორგი მიროტაძე იყო. გიორგი მიროტაძე ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოხატავს დაინტერესებას და მისი ინტერესების შესაბამისად, მოსამართლე თეა ხამხაძემ უკანონოდ მიიღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლის დარბაზიდან გაძევების შესახებ, რითაც მხარე დატოვა დაცვის გარეშე.
ხიჯაკაძის განცხადებით, მიროტაძე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ახდენს ურჩ მოსამართლეთა დასჯას.
"ეროვნული საბჭო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს მიმართავს და მოითხოვს გიორგი მიროტაძის კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთას, მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სასამართლო პროცესების კონტროლი და მოსამართლეებზე ზეწოლა.

























