კახა კუკავა - თუ დავით ბაქრაძე პრეზიდენტი გახდა, რეალური ძალაუფლება შს მინისტრის ხელში იქნება

სახელისუფლებო წრეებში განიხილება, რომ სააკაშვილის შემცვლელად დავით ბაქრაძე დასახელდეს, - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ WikiLeaks-ის მასალის კომენტირებისას გააკეთა.
"ეს არის ძალოვანი სტრუქტურების სურვილი, რომ ბაქრაძე გახდეს სააკაშვილის შემცვლელი, რადგან ისინი ამ შემთხვევაში, ქონებას შეინარჩუნებენ", - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, რაც შეეხება გიგი უგულავას, მას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ებრძვიან.
"იმ შემთხვევაში თუ ბაქრაძე პრეზიდენტი გახდება, რეალური ძალაუფლება იქნება შს მინისტრისა და სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელში", - განაცხადა კახა კუკავამ.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა, პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე დაასახელოს. ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც საიტმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა.
ელჩს ამ ვერსიაზე დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.
"ვიდრე კომენტატორები ამბობენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება, თუ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, ბაქრაძე შესაძლოა, მემკვიდრე გახდეს. შაშკინი ამბობს, რომ ის ჭკვიანია, დამოუკიდებელია და კარგად მუშაობს როგორც პარტიაში, ისე პარტიის გარეთ. შაშკინის თქმით, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი განიხილავს ბაქრაძეს ლიდერად. შაშკინმა ასევე ახსენა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა ბაქრაძეს ყატარში მანამდე, ვიდრე საკუთარი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებდა. თუ ბაქრაძე მოიპოვებს სააკაშვილის მხარდაჭერას და "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრთა ნაწილის გაერთიანებას მაინც, ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება", - წერს ელჩი.

























