ვიქტორ დოლიძე წყნეთში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

ვიქტორ დოლიძე წყნეთში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემწყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე "პროფკავშირების დასახლებაში" მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები მოინახულა.

დროებითი საცხოვრებლის დაკანონების, გაზიფიცირებისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების გარეშე დარჩენილ დევნილებს, ახლა ელექტროენერგიაზე მიბმული ნაგვის გადასახადიც დაემატათ. დასუფთავების გადასახადის ოდენობამ, მარტო ერთი ქვითრის მიხედვით, რომელიც 3 ოჯახს ეკუთვნის, აგვისტოს თვეში 71 ლარი შეადგინა.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ხელისუფლების მორიგი "აბდაუბდა" სოციალური თანასწორების შესახებ, რითაც ის ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას ამართლებდა, სინამდვილეში სოციალური უთანასწორობაა.

"ამის ნათელი მაგალითია დევნილთა ეს დასახლება, სადაც მარტო 3 ოჯახს ნაგვის გადასახადი აგვისტოს თვეში 71 ლარი მიუვიდა, ახლა კი კარს ზამთარი მოადგათ, რაც მათ გადასახადებს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან არ აქვთ გაზი და არც შეშა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფართის დაკანონებას, ალასანიას თანაგუნდელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას ამ ადგილიდან დევნილთა გამოსახლება ჰქონდეს განზრახული და სწორედ ამიტომ თავს იკავებს ფართის დაკანონებისგან.

ვიქტორ დოლიძემ კიდევ ერთხელ მიმართა თბილისის მერიას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ლტოლვილთა სამინისტროს, სერიოზულად მიუდგნენ დევნილთა პრობლემების გადაწყვეტას.

40-მდე დევნილი ოჯახი წყნეთის "პროფკავშირების დასახლებაში" უკვე 17 წელია, ცხოვრობს.