საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა

საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა

საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი წელს სომხეთიდან შემოვიდა. ამგვარი შედეგია ნაჩვენები საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებში, რომელშიც აგვისტოს მდგომარეობით ვიზიტორთა რაოდენობის დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

კერძოდ, წელს, აგვისტოში საქართველოში 355 924 უცხოელი ვიზიტორი დაფიქსირდა, მათგან სომხეთიდან 112 957 ადამიანი შემოვიდა. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 80 542 ადამიანით. რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 44 864, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 20 067 ვიზიტორი შემოვიდა.

2006 წელთან შედარებით, 37%-ით გაზრდილია მთლიანად ვიზიტორთა რაოდენობა. ამასთან, ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდაც.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი წელს, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 101 790-მა ადამიანმა გადაკვეთა. მათგან 54% რუსეთის, 31% სომხეთის, ხოლო 8% საქართველოს მოქალაქეები არიან. უშუალოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიდან, რომლებიც ლარსის პუნქტიდან შემოვიდნენ, 84% ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებია.