ზვიად ყუშიტაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

ზვიად ყუშიტაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელის ზვიად ყუშიტაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, მოძრაობა "თეთრების" ორგანიზებითსაპროტესტო აქცია გაიმართა.

"თეთრების" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელის გაუჩინარება, ორგანიზაციის მიერ, ევროპის ექვს ქვეყანაში დაგეგმილ აქციების სერიას უკავშირდება, რომლის მიზანიც ქართველი ემიგრანტებისთვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

მისივე თქმით, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზვიად ყუშიტაშვილს დაუკავშირდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა როსტიაშვილი და გააფრთხილა, საპროტესტო აქციებში არ ჩართულიყო, ამის შემდეგ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და არაოფიციალურად დაიბარეს მოდულის შენობაში.

როგორც "თეთრების" წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ზვიად ყუშიტაშვილი მოდულის შენობაში ჰყავთ დაკავებული. ისინი შსს-სგან ყუშიტაშვილის შესახებ ოფიციალური ცნობების გავრცელებას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ორშაბათამდე ოფიციალური განცხადებები არ გაკეთდება, მასშტაბური აქციების გამაართვას გეგმავენ.