დარიალის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან დღეს მამათა სამონასტრო კომპლექსი იკურთხება. ამ მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უკვე დარიალის ხეობაში იმყოფება.
მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში წირვა დილიდან დაიწყება, რომლის დროსაც ტაძარი იკურთხება. მოხდება, ასევე, სამონასტრო კომპლექსის პირველ სართულზე აშენებული წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარის კურთხევაც.
დღესვე, მსახურების დროს კათოლიკოს-პატრიარქი სამონასტრო კომპლექსის წინამძღოლსაც დაადგენს. დარიალის ხეობაში მამათა სამონასტერო კომპლექსი საბოლოოდ 12 ტაძრის მშენებლობას ითვალისწინებს.
მამათა მონასტერის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
"ხუთშაბათს იხსნება წმინდა მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი. ეს არის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და შემთხვევითი არ არის, რომ იქ შენდება, ეს იქნება საქართველოს დაცვა", – აღნიშნა პატრიარქმა. უწმინდესი მოუწოდა მრევლს, ვისაც საშუალება აქვს, მონასტერში წაიღონ ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი. პატრიარქი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ მონასტრისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.
ამასთან, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში პარაკლისები წაიკითხეს.