ხვალ ქართულ-ამერიკული მეგობრობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამერიკული სასწავლო ცენტრიდან LanGate აცნობეს , დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების (ნიკო აბაზაძე, ნათია თათეიშვილი, ნინო წერეთელი) ნამუშევრები, დაესწრონ LanGate-ს ოფისში ამერიკული კუთხის გახსნის ცერემონიას, იხილონ "მადლიერების დღის" ისტორიის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი და დაესწრონ ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამს.
საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს "მადლიერების დღის" ამერიკული ტრადიცია, რაც ორი ქვეყნის კულტურულ დაახლოებას ემსახურება.
ამ დღეს, ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი LanGate იწყებს ამერიკაში მცხოვრები საინტერესო ქართველი ემიგრანტების შემოქმედებითი საღამოების ციკლს. პროექტის ფარგლებში თვეში ერთხელ გაიმართება მათი ნამუშვრების გამოფენა.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიება ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის LanGate და "ამერიკის მეგობართა კლუბის" ორგანიზებით ტარდება.