გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ხვალ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფონდ "იავნანას" ბაზაში არსებულ მრავალშვილიანი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მარჩენალდაკარგული ოჯახების მცირეწლოვან წევრებს ჩაუტარდებათ.
უფასო გამოკვლევები აღნიშნულ პირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" შორის 2011 წლის 13 მაისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უტარდებათ.
ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გამოკვლევებს კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები: პედიატრები, სტომატოლოგები, ოფთალმოლოგები, ნევროპათოლოგები, ქირურგები, ოტორინოლარინგოლოგები და სხვ სპეციალობის ექიმები ჩაატარებენ.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და საერთაშორისო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაესწრებიან.