თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, 2013 წლის ზაფხულისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გრანდიოზული გასართობი ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე ასობით თბილისელი დასაქმდება. სამუშაო ადგილები შეიქმნება ასევე დასასვენებელი ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვადასხვა კომერციულ ობიექტში.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პროირიტეტი ქალაქში სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და თბილისელების დასაქმებაა. ამ მიზნით, მერიის ქონების მართვის სააგენტო ქალაქში არსებულ უძრავ ქონებას ინვესტირების პირობით ასხვისებს, კერძოდ, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, შესაძლებლობა აქვს ამ პირობით კონკრეტული მიწის ნაკვეთი შეიძინოს, სადაც გარკვეული ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გასხვისდა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული 91 173 კვმ. მიწის ნაკვეთი.
ამ ტერიტორიაზე შპს "ჯინო პარკი" 20 000 000 ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე 2013 წლის 1 ივლისამდე მოეწყობა დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი გასართობი ცენტრი – აკვაპარკი (ზამთრის და ზაფხულის არეალებით). აკვაპარკში ამოქმედდება შიდა და გარე ტოპოგანები, საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო ჩანჩქერი და ტალღოვანი აუზი, 25 მეტრიანი ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი; ბავშვთა წყლის პარკი; ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთის ქვიშის მოედნები; სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტები, მარილებისა და მენთოლის სპა ცენტრი, რომაული და ფინური საუნები, ჯაკუზები, კეთილმოწყობილი საზაფხულო პლიაჟები. დასასვენებელი ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება შიდა კამერებითა და დაცვის სისტემებით, ინდივიდუალური სეიფებითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პარკი წლის განმავლობაში 800 000 ადამიანს მოემსახურება. მომსახურე პერსონალი გადამზადების სპეციალურ კურსს ევროპის აკვაპარკებში გაივლის.
"აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისის ზღვა მეტ დამსვენებელს მოიზიდავს. ის მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის, რაც მთლიანად ტერიტორიის განვითარებას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ მერიაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"