ქეთევან დუმბაძე გურულებს ვალს ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგომით დაუბრუნებს

ოზურგეთში "ქართული ოცნების" აქციის მონაწილეებს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ მიმართა. "შპარგალკის" გამოყენება და "ოროსანი მოსწავლესავით მუხლების კანკალი" მან შეკრებილებს სცენაზე დგომის სირთულით აუხსნა.

სიტყვის დასაწყისში ქეთი დუმბაძემ მამის დანაბარები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდით მისი ასრულების მიზნით დადგა. "იყო დრო, ძალიან მძიმე საქართველოსთვის, როცა მამა ობლად დარჩა და ბევრმა ადამიანმა მას ზურგი აქცია. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიხუტეს, ლუკმა გაუყვეს და იმის რწმენა დაუბრუნეს, რომ სიკეთე არსებობს. ეს მადლობა გეკუთვნით გურულებს, რადგან ის თქვენ გაზარდეთ. მე ამ სიკეთის დასაბრუნებლად ვდგავარ ბიძინა ივანიშვილისა და იმ გუნდის გვერდით, რომელიც ამ ოცნებას აასრულებს. მე ძალიან დიდხანს მოვდიოდი თქვენთან იმ ვალის დასაბრუნებად, რომელზეც მამამ გვითხრა – თქვენ ყველა ადამიანის წინაშე ვალი გაქვთ, ვინც კი ერთი ლუკმა გამინაწილაო. მე ეს შანსი ბიძინა ივანიშვილმა მომცა და ამიტომ მოვედი თქვენთან", - აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

მისივე თქმით, გურიის სოფლებში დიდი გაჭირვებაა, თუმცა, სასოწარკვეთილებიდან გურულები ისევ იუმორს გამოჰყავს. ქეთი დუმბაძემ გაიხსენა, როგორ უთხრა "ხელებდაკოჟრილმა" მოხუცმა ბიძინა ივანიშვილზე, "ახლა რას აკეთებს და პასპორტი რომ მისცე რაღას იზამსო". მოხუცმა ქალბატონმა კი, დუმბაძის თქმით, პარლამენტს ღვედებთან დაკავშირებული კანონი მოუწონა. "ეგ რომ არა, ხომ ამოცვივდებოდით მანქანებიდან და ჩვენამდე ვერ მოაღწევდითო, - მითხრა იმ ქალბატონმა. ასეთ გზებს აგებენ ესენი", - აღნიშნა ქეთი დუმბაძემ.

სიტყვაში მან იმერეთის რეგიონის სოფლებში ნანახი გაჭირვებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად "ხალხში არსებულმა შიშმა" დათრგუნა. "ყველაზე დამთრგუნველი იყო სიტყვა, გვაშინებენ. რას ნიშნავს გაშინებენ, შეშინებული ადამიანები ქვეყანას ვერ აშენებენ. ნუ გეშინიათ, ჩვენ სიკეთე უნდა დავაბრუნოთ, სიყვარული და მზე უნდა დავიბრუნოთ გულებში და ამას ეს გუნდი გააკეთებს. ჩვენ მზე უნდა დავინახოთ ჯერ ჩვენს გულებში და მერე ავანთებთ ამ მზეს ჩვენი სამშობლოს თავზე", - განაცხადა დუმბაძემ.

შიშის დაძლევის მაგალითად კი ქეთი დუმბაძემ თერჯოლის მაგალითი გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, მათთან მივიდა შვილმკვდარი დედა, რომელმაც თქვა, რომ "დასაკარგი არაფერი აქვს", "ქართული ოცნების" შავი მაისური ჩაიცვა და "ქართული ოცნების" კოლონას შეუერთდა.

გამოსვლა ქეთი დუმბაძემ იმ სიტყვებით დაასრულა, რომლითაც მისი მამის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" სრულდება. "მერე ჩვენ გვეყოლება შვილები და მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით, მერე იმათ ეყოლებათ შვილები და შვილიშვილები და ასე უსასრულოდ, მთელი ქვეყანა ვიქნებით ჩვენ – თავისუფალი, ბედნიერი ქართველები", - აღნიშნა ქეთი დუმბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა