იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა დაიწყო .
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო რეესტრიდან აცნობეს, სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტი უფასოდ გაიცემა, მოქმედებს დაჩქარებული მომსახურების სერვისიც და ატესტატის მიღება შესაძლებელია განცხადების წარდგენის დღიდან მე–5, მე–3, მე–2 და იმავე სამუშაო დღესაც.
რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ №4 საჯარო სკოლის რამდენიმე კურსდამთავრებულს ატესტატები პირადად გადასცეს.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი:
ზოგადი განათლების სრული ატესტატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს და გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებს;
ზოგადი განათლების საბაზო ატესტატს იღებს პირი, რომელიც 9 კლასს დაამთავრებს; განათლების საშუალო ზოგადი საფეხურის სერტიფიკატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ან, მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.
იუსტიციის სახლები და სააგენტოები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ. მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მოხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემაც.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"