თბილისში, ყაზბეგის #25-ში მცხოვრებ ბაბალაშვილების ხუთსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა ქირით გაიყვანს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელმა დავით ბურდულმა განუცხადა.
მისივე თქმით, ოჯახს ქირით შესაბამისი საბუთების გაფორმების შემდეგ გაიყვანენ. ქირის თანხას გამგეობა დაფარავს.
ბურდულმა აღნიშნა, რომ ოჯახი გამგეობის მიერ ნაქირავებ ფართში მანამდე დარჩება, სანამ სოციალური საცხოვრისების პროგრამაში არ მოხვდება.
"კანონის მოთხოვნაა, რომ დამქირავებელმა ფართის გამქირავებელთან ხელშეკრულება საჯარო რეესტრში გააფორმოს. აღნიშნულის შემდეგ ოჯახს ნაქირავებ ფართში გავიყვანთ", - დასძინა გამგებელმა.
თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ დღეს ხელისუფლებისგან ბაბალაშვილების ოჯახის პრობლემებზე რეაგირება ითხოვა.
ზაზა გაბუნია ბაბალაშვილების ხუთსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ბაბალაშვილები 12 წლის მანძილზე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რთულ პირობებში ცხოვრობენ და მერიის სოციალური საცხოვრისის პროგრამის საშუალებით ბინის მიღებას ელოდებიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"