საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი უწყებაში საკუთარი გუნდით მივა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ადგილზე მაღალპროფესიონალთა გუნდი დახვდება, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.
"მე მარტო, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავაკეთებ, მიმყავს ჩემი გუნდი და დარწმუნებული ვარ, ადგილზე ძალიან მაღალპროფესიონალთა გუნდი მხვდება. რეფორმების განხორციელებას მათთან ერთად ვაპირებ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალური დეპოლიტიზირება მოხდეს", - აღნიშნა შს მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, პირადად იქნება თითოეული პოლიციელის უფლების დამცველი. "მე ვიქნები თითოეული პოლიციელის უფლების დამცველი და ვერავინ გაბედავს პოლიციელის მუნდირი შელახოს. ვერავინ გაბედავს მის წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებას. მე ვიზრუნებ მათი პირობების გაუმჯობესებაზე", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.