ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე მის დაკითხვას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს , - ამის შესახებ არველაძემ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ გუშინ ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით დაკითხა. კერძოდ, კითხვები იყო "იმედთან" დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ გადაეცა პატარკაციშვილების ოჯახს "იმედის" მმართველობა.
ამასთან, არველაძე დაკითხვას მის ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირებს. "მე ვარ ინტერნეტ-პოლიტიკური პორტალის, "პოლიტიკო.გე"-ს მთავარი რედაქტორი. ამ პორტალზე შაბათს ღამე დაიდო ჟურნალისტური გამოძიება ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გამოიკვეთა ბევრი ახალი გარემოება. სწორედ ამ მასალის დადების შემდეგ, რამდენიმე საათში მომივიდა შეტყობინება ფინანსური პოლიციიდან, სადაც ეწერა, რომ დაბარებული ვიყავი დაკითხვაზე. მე გამოვცხადდი დაკითხვაზე და კითხვები დამისვეს ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით. მკითხეს თუ ვინ იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, როგორ მოხდა პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაცემა და ა.შ. მე დავინტერესდი, თუ რაზე იყო საქმე აღძრული ან რის საფუძველზე მოხდა ჩემი დაკითხვა, თუმცა მათ არც ერთ ჩემ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. ერთადერთი, რაც გამომძიებელმა მითხრა, იყო ის, რომ მე ფინანსურ პოლიციაში კიდევ არაერთხელ მიხილავდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემი დაბარება მთელი ამ დროის განმავლობაში მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავდეთ ჟურნალისტური გამოძიება რაფალიანცის შესახებ და მიმაჩნია, რომ ჩემი დაკითხვა სწორედ თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა", - განაცხადა გიორგი არველაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"