ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" ბავშვებს უფასო, პირველ ქართულ ინტერაქციულ წიგნებს სთავაზობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" წიგნის სახლიდან აცნობეს, ქართველი ბავშვებისთვის სასიხარულოდ ინტერნეტ სივრცეში უკვე გაჩნდა პირველი ქართული ინტერაქციული წიგნები - ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" მიერ შექმნილი "ქართული ანბანი" და "ჯიუტი თხები".
"მათი ჩამოტვირთვა უფასოდ შესაძლებელია App Store-დან, Amazon-დან და Google-დან. დააყენეთ ის თქვენს ანდროიდზე, iPad, iphone-სა თუ ipod touch-ზე და ისიამოვნეთ თქვენ შვილებთან ერთად", - აცხადებენ "საბაში".
მათივე ინფორმაციით, თუ ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა, მას "ქართული ანბანის" მეშვეობით შეუძლია თამაშ-თამაშით შეისწავლოს წერა კითხვა. ის უკვე იქცა ათასობით ბავშვის საყვარელ თამაშად. მათ ამ ინტერქციული წიგნის მეშვეობით შეუძლიათ, ქართული წერა-კითხვა ყველაზე სახალისო ფორმით შეისწავლონ.
"ჯიუტი თხები" კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თამაშის გზით გამართულად კითხვაში გაიწაფონ. ჯიუტი თხების სასაცილო და ჭკუის სასწავლებელი მოთხრობით, ბავშვები ისწავლიან, თუ რა შეიძლება მოიტანოს უაზრო სიჯიუტემ და რომ დათმობა ხშირად ღირსეული და სწორი საქციელია. ინტერაქტიული მოთხრობის გმირები რეაგირებენ ხელის შეხებაზე: მობაკუნე თხები, მოხტუნავე თევზი და მოშრიალე ბუჩქები, ბაყაყი, რომელიც ბევრი ჭამისგან სკდება, ბევრად უფრო სახალისოს და მხიარულს ხდის ამბის შეცნობის პროცესს. ბავშვები მთხრობელს უსმენენ, თვალს ადევნებენ ტექსტში გაფერადებულ შესაბამის სიტყვებს და მოსმენილთან გონებით აკავშირებენ", - განმარტავენ წიგნის სახლში.
ინტერაქტიული წიგნი "ჯიუტი თხები" "საბას" ელექტრონული წიგნების სახლის და გამომცემლობა "დიოგენეს" ერთობლივი პროექტია, რომელიც გრძელდება. სულ მალე სხვა ინტერაქტიული წიგნებიც იქნება.
ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" რამდენიმე თვის წინ შექმნა "თიბისი ბანკმა". "საბა" მკითხველებს 500-ზე მეტი წიგნის ელექტრონულ ვერსიას სთავაზობს. კერძოდ, თანამედროვე თუ კლასიკური ქართული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები, "საბას" პრემიის ლაურეატების ნაწარმოებები. მათი წაკითხვა ნებისმიერ კომპიუტერში, iPad, iPod Touch და iPhone-Si, Kindle-ში და სხვა ელექტრონულ წამკითხველებში შეიძლება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"