23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეს თარიღი 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.
წელს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის თემაა "ამინდზე დაკვირვებები სიცოცხლისა და ქონების დასაცავად". ამავე დღეს აღინიშნება მმო-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურის, ამინდის მსოფლიო სამსახურის დაარსების 50 წლისთავი.
ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მმო-ს წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის _ საქართველო.
დღეისთვის, 100 000 - ზე მეტ მიწისპირა სადგურზე, 7000 საზღვაო ხომალდზე და ათასობით სტაციონარულ და მოდრეიფე პუნქტზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები წარმოებს. ამ პუნქტებზე იზომება ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ატმოსფეროს ტემპერატურა და სინოტივე, ნალექების რაოდენობა, ვიზუალურად განისაზღვრება ღრუბლების ტიპი, რაოდენობა, ხილვადობა, ამინდის ხასიათი და სხვა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიზანია ამინდისა და კლიმატის ცვლილების, წყლით გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის შემცირება; აგრეთვე, მდგრადი განვითარების უნივერსალური მიზნის დასახვა, კლიმატის შენარჩუნება და გარემოს დაცვა თანამედროვე და მომავალი თაობებისათვის.
ამინდს პლანეტის 7-მილიარდიან მოსახლეობაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს გავლენა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2050 წლისათვის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 9.3 მილიარდს მიაღწევს. 1980-2007 წლებში მოხდა 7 500-მდე ბუნებრივი კატასტროფა, რამაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის დაღუპვა და 1.2 ტრილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია. მსხვერპლის 70%-ზე მეტი და ეკონომიკური ზარალის თითქმის 80% სწორედ ამინდთან, კლიმატსა და წყალთან დაკავშირებული რისკებით იყო გამოწვეული. ამასთანავე, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სერვისების შედეგად მოხერხდა მსხვერპლის მნიშვნელოვნად შემცირება.
საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არსებობის 160 წელიწადზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა მისი იურიდიული სტატუსი. ამჟამად სამსახური შედის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში.